ტრანესტატის ანოტაცია მარტივად: როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პრეპარატი
30 ივნ 2025

ტრანესტატი მედიკამენტია, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით ტრანექსამის მჟავას შეიცავს. იგი სხვადასხვა ტიპის სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 1 წლიდან.
გარდა საინიექციო ამპულებისა, ტრანესტატი ტაბლეტის ფორმითაც არის ხელმისაწვდომი. ის, თუ რა ფორმით და დოზით სჯობს ამ პრეპარატის მიღება, კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
ეს პრეპარატი აფთიაქებიდან რეცეპტით გაიცემა. ტრანესტატის ამპულა ფასით შეიძლება ტაბლეტისგან განსხვავდებოდეს. ღირებულება დამოკიდებულია სააქციო პერიოდებსა და სააფთიაქო ქსელებზეც.
ტრანესტატის ფასი შეგიძლიათ PSP-ს ონლაინ აფთიაქში გადაამოწმოთ.
ტრანესტატი სისხლდენის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით გამოიყენება ზრდასრულებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან. მისი მოქმედი ნივთიერება, სახელად ტრანექსამის მჟავა, ანტიჰემორაგიული, ანუ სისხლდენის საწინააღმდეგო, საშუალებაა. მას შეიძლება შემდეგ სიტუაციებში მივმართოთ:
გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არაა. არ მიიღოთ ტრანესტატი, თუ:
ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები პრეპარატის უკუჩვენებებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამლის მიღებამდე ექიმს ამ მდგომარეობების შესახებ აცნობოთ — იგი ეცდება, თქვენთვის მეტად უსაფრთხო და ეფექტიანი ალტერნატივა შეარჩიოს.

ორსულობის დროს ტრანექსამის მჟავის მიღება რეკომენდებული არაა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ამას ექიმი გადაწყვეტს. ამ დროს სარგებელმა რისკები უნდა გადაწონოს.
ეს პრეპარატი, შესაძლოა, ორსულობის დროს ძლიერი სისხლდენისას იქნას გამოყენებული (მაგალითად, პლაცენტის დაზიანების დროს ან მუცლის მოშლის შემდეგ). ექიმმა მისი მიღების რეკომენდაცია შეიძლება გასცეს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დროსაც.
ცნობილია, რომ ტრანექსამის მჟავას შეუძლია პლაცენტაში გააღწიოს, ანუ დედის ორგანიზმიდან ნაყოფამდეც მივიდეს. ამის მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ეს წამალი ნაყოფზე.
ცნობილია, რომ ტრანესტატი დედის რძეში გადადის. შესაბამისად, ძუძუთი კვების პარალელურად მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ტრანესტატის ტაბლეტები პერორალურად (გადაყლაპვით) მიიღება, ხოლო ამპულები კი ვენაში ნელა შეყვანით ან უწყვეტი ინფუზიის სახით. ჩვეულებრივ, ინიექცია რამდენიმე დღეში პერორალური მიღებით ნაცვლდება.
ტრანესტატი 500 მგ.-იანი ტაბლეტების (ანუ ტრანესტატის აბი მოქმედ ნივთიერებას 0.5 გრამი ოდენობით შეიცავს) ან 5 მლ-იანი ამპულების სახით არის ხელმისაწვდომი. ეს პრეპარატის ერთი და იგივე დოზაა. ცნობისთვის, ტრანესტატი 250 მილიგრამიანი, ანუ უფრო დაბალი, დოზით არ გვხვდება.
დოზირების წესები ყოველთვის ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. როგორც წესი, მოზრდილებში ეს შემდეგი პრინციპით ხდება:
ბავშვებში, როგორც ზრდასრულებში, მიღების ფორმა, დოზირება და ხანგრძლივობა ექიმმა უნდა განსაზღვროს. როგორც წესი, ტრანესტატის ტაბლეტები სხეულის მასის თითო კილოგრამზე 15-25 მგ. რაოდენობით მიიღება დღეში ორჯერ. ინტრავენური ინიექციის შემთხვევაში დოზა 10 მილიგრამია თითო კილოგრამზე დღეში ორჯერ.
ტრანექსამის მჟავას გამოყენება ლოკალურადაც, ანუ სისხლმდენ ადგილასაც, არის შესაძლებელი. ხშირად ეს ყელ-ყურ-ცხვირში არსებული სისხლდენისას არის რეკომენდებული. ამ დროს 1 ამპულის შიგთავსი შესაბამის ადგილას უნდა დაისხათ ან წინასწარ გაჟღენთილი დოლბანდის საფენით დაიტანოთ.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან შერევა დაუშვებელია.
იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს, ტრანექსამის მჟავას დოზა სისხლის ანალიზის მიხედვით უნდა შემცირდეს. ეს შეიძლება აუცილებელი არ იყოს, თუ თირკმლის უკმარისობასთან არ გვაქვს საქმე. დოზის შემცირება ასევე არაა აუცილებელი ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
თუკი პრეპარატის მიღება დაგავიწყდებათ, ამის ასანაზღაურებლად გაორმაგებული დოზა არ მიიღოთ. რეკომენდებულზე მაღალი დოზით მიღებამ შეიძლება დროებით სისხლის დაბალი წნევა გამოიწვიოს. ასეთ დროს კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს უნდა მიმართოთ.

ყველაზე ხშირად, ანუ 10-იდან 1 პაციენტში, გულისრევა, ღებინება და დიარეა შეიძლება გამოვლინდეს. არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 1000-იდან 1-10 პაციენტში) გვერდითი მოვლენაა გამონაყარი კანზე.
ტრანესტატის მიღებას შეიძლება ახლდეს ისეთი სიმპტომებიც, რომელთა სიხშირის დადგენაც მონაცემების სიმწირის გამო შეუძლებელია. ეს გვერდითი მოვლენებია: სისხლის დაბალი წნევა (განსაკუთრებით ძალიან სწრაფი ინიექციის შემთხვევაში), სისხლის კოლტების წარმოქმნა, კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა და ფერების აღქმის ცვლილებები, ალერგიული რეაქციები.
გამოვლენილა თირკმლის ქერქის ნეკროზიც, როცა პრეპარატს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისას იყენებდნენ 2 გრამზე მაღალი დოზებით.
ცნობილია, რომ ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება ფერების აღქმა შეიცვალოს; ეს პოტენციურად მანქანის მართვაშიც შეგიშლით ხელს, რადგან შუქნიშნების აღქმას გაართულებს.
ტრანესტატის საინიექციო ხსნარის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია, რომ ოფთალმოლოგს რეგულარულად ეწვიოთ და მხედველობა გადაიმოწმოთ, მათ შორის: მხედველობის სიმკვეთრე, ფერების აღქმა, თვალის ფსკერი, ვიზუალური ველი და ა. შ.
თუკი აღმოჩნდება, რომ პათოლოგიური ოფთალმოლოგიური ცვლილებები (განსაკუთრებით ბადურას დაავადება) განვითარდა, ექიმმა შეიძლება ტრანესტატის შეწყვეტა გირჩიოთ.
ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ. ტაბლეტების ვარგისიანობის ვადა გამოშვებიდან 4 წელია, ამპულებისა კი — 3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ამ ვადების გასვლის შემდეგ.
30 ივნ 2025