ფლუზამედი – ეფექტიანი საშუალება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
5 აგვ 2025

სოკოვანი ინფექციები სხვადასხვა ფორმით და სიმძიმით ვლინდება — ზოგი მათგანი მხოლოდ კანზე წვრილი გამონაყარის სახით ჩნდება, ზოგიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შიდა ორგანოებს ან ცენტრალურ ნერვულ სისტემას. თანამედროვე მედიცინა მრავალ პრეპარატს გვთავაზობს ამ ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული და ეფექტიან საშუალებას ფლუკონაზოლის ბაზაზე შექმნილი ფლუზამედი (Fluzamed) წარმოადგენს. ეს პრეპარატი განკუთვნილია როგორც ზედაპირული, ისე ღრმა სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. მის ეფექტიანობას და ფართო გამოყენებას განაპირობებს აქტიური ნივთიერება — ფლუკონაზოლი, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს სოკოს უჯრედის მემბრანაზე, აფერხებს მის ზრდას და ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაში შეღწევას.
განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოყენება იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს — მაგალითად, აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, ონკოლოგიურ პაციენტებში ქიმიოთერაპიის ფონზე, ან თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევებში, როდესაც ორგანიზმის დამცველობითი უნარი დაქვეითებულია.
ფლუზამედი ხელმისაწვდომია პსპ-ს აფთიაქებში და ის ძირითადად წარმოდგენილია 150 მგ-იანი კაფსულების სახით. 12-კაფსულიანი შეფუთვის ფასი დაახლოებით 30 ლარს შეადგენს. საგულისხმოა, რომ გარდა კაფსულებისა, ბაზარზე ხელმისაწვდომია ფლუზამედის თვალის წვეთები და საინფუზიო ხსნარი.
ფლუზამედი მიიღება პერორალურად და მისი დოზა დამოკიდებულია კონკრეტულ დიაგნოზსა და პაციენტის მდგომარეობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ერთჯერადი 150-მილიგრამიანი კაფსულიც საკმარისია — მაგალითად, ვაგინალური კანდიდოზის ან კანდიდოზური ბალანიტის დროს. სხვა, უფრო მძიმე და ქრონიკული ინფექციების შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის კურსი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.
მძიმე ინფექციების, მაგალითად კრიპტოკოკური მენინგიტის დროს, მკურნალობა იწყება 400 მგ-იანი დოზით, რომელსაც მოსდევს 200-400 მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის განმავლობაში. ზოგჯერ დოზა იზრდება 800 მგ-მდეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციასთან გვაქვს.
კანდიდოზური ინფექციების დროს, მაგალითად საყლაპავის კანდიდოზის შემთხვევაში, მკურნალობა იწყება 200-400 მგ-ით და გრძელდება მინიმუმ 14-30 დღის განმავლობაში. ხოლო პროფილაქტიკისთვის აივ ინფექციის მქონე პაციენტებში შეიძლება პრეპარატი გამოიყენონ გაურკვეველი ვადით — კვირაში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად, რათა თავიდან აიცილონ რეციდივები.
დერმატომიკოზების, მათ შორის ფეხის სოკოსა და ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკო) შემთხვევაში, პრეპარატი მიიღება კვირაში ერთხელ 150 მგ-იანი დოზით ან 50 მგ ყოველდღიურად. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 2-6 კვირის განმავლობაში, ხოლო ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში — მანამ, სანამ ახალი ჯანსაღი ფრჩხილი მთლიანად არ ჩაანაცვლებს ინფიცირებულს, რასაც ზოგჯერ 6-12 თვეც კი სჭირდება.
ფლუზამედი გამოიყენება ბავშვებშიც — დოზა იზრდება მათი სხეულის წონის შესაბამისად, საშუალოდ 3-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სირთულის გათვალისწინებით. ახალშობილებში პრეპარატის მიცემა ხდება უფრო დიდი ინტერვალებით — მაგალითად, ყოველ 48 ან 72 საათში ერთხელ.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია. თუ კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალია, დღიური დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით, ხოლო ჰემოდიალიზის შემდგომ უნდა აღდგეს ჩვეულებრივი დოზა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში კი საჭიროა სიფრთხილე და მკაცრი მონიტორინგი.

როგორც ყველა მედიკამენტს, ფლუზამედსაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები. ის არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელთაც ფლუკონაზოლის ან ტრიაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ალერგია აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თანმხლებ მედიკამენტებს — ფლუზამედი არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებს გულში ელექტრო იმპულსების გამტარობას (QT ინტერვალი). ასეთი პრეპარატებია, მაგალითად, ციზაპრიდი, ერითრომიცინი, პიმოზიდი, ტერფენადინი და სხვა. მსგავსი კომბინაციები ზრდის გულის არითმიის და სერიოზული კარდიოლოგიური გართულებების რისკს.
ფლუზამედი ასევე სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კარდიოლოგიური დაავადებები ან ტენდენცია ძლიერი კანის ალერგიული რეაქციებისადმი, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ორსულობის დროს ფლუზამედი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება — მაგალითად, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს. ერთჯერადი 150-მილიგრამიანი დოზა ვაგინალური კანდიდოზისთვის ითვლება შედარებით უსაფრთხოდ. ლაქტაციის პერიოდში კი მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია, რადგან დედის რძეში კონცენტრაცია დაბალია და რისკი — მინიმალური.
გაითვალისწინეთ: ფლუზამედი არის მედიკამენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით და გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების არსებობისას ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ფლუზამედის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორც წესი, ფლუზამედს ადამიანის ორგანიზმი კარგად იღებს, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, მაინც შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და გამონაყარი კანზე. ასევე, ზოგიერთ პაციენტში (განსაკუთრებით შიდსით ან ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულებში) დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევები და სისხლის საერთო ანალიზების ცვლილებები. თუმცა ასეთ შემთხვევებში, რთულია ზუსტად დადგინდეს, უკავშირდება თუ არა ეს პირდაპირ ფლუზამედს ან სხვა თანმხლებ მკურნალობას.
სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
არახშირი: ანემია;
იშვიათი: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემა
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი და ანგიონევროზული შეშუპება.
მეტაბოლიზმი და კვება
არახშირი: მადის დაქვეითება;
იშვიათი: სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპოკალიემია.
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: უძილობა, ძილიანობა.
ნერვული სისტემა
ხშირი: თავის ტკივილი;
არახშირი: თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, მგრძნობელობის დარღვევა, გემოს ცვლილება;
იშვიათი: ტრემორი.
ყური და შიდა ყურის დაავადებები
არახშირი: წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა.
გული
იშვიათი: გულის რიტმის დარღვევა, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტორსად დე პუანტის ტიპის არითმია.
კუჭ-ნაწლავის სისტემა
ხშირი: მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
არახშირი: ყაბზობა, შებერილობა, მონელების პრობლემები, პირის სიმშრალე.
ჰეპატობილიარული დაავადებები
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე;
არახშირი: ქოლესტაზის ნიშნები, სიყვითლე, ბილირუბინის მატება;
იშვიათი: ჰეპატიტი, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, ღვიძლის უკმარისობა, ნეკროზი — იშვიათ შემთხვევებში ფატალური შედეგით.
კანი და კანქვეშა ქსოვილები
ხშირი: გამონაყარი;
არახშირი: ჭინჭრის ციება, ქავილი, წამლისმიერი ეგზანთემა, მომატებული ოფლიანობა;
იშვიათი: კანის მძიმე რეაქციები — სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, თმის ცვენა.
კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემა
არახშირი: კუნთების ტკივილი (მიალგია).
ზოგადი გვერდითი მოვლენები
არახშირი: სისუსტე, დაღლილობა, ცხელება, ენერგიის ნაკლებობა.
გაითვალისწინეთ, რომ ეს გვერდითი მოვლენების სრული სია არ არის და ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი, თუ სხვა ეფექტის გამოვლენისას აუცილებელია, ექიმს მიმართოთ.
5 აგვ 2025