აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ყველაფერი ბისოპროლოლის შესახებ – რა უნდა იცოდეთ ამ პრეპარატზე?

უკან

ყველაფერი ბისოპროლოლის შესახებ – რა უნდა იცოდეთ ამ პრეპარატზე?

8 აგვ 2025

ბისოპროლოლი ფასი

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა და მართვა თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ისინი, სტატისტიკურად, სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, არითმია და იშემიური დაავადებები არამხოლოდ მოხუცებში, არამედ საშუალო ასაკის პირებსა და ახალგაზრდებშიც სულ უფრო ხშირად გვხვდება. 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვა მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს – ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად წამყვანი როლი მედიკამენტოზურ თერაპიას ენიჭება. მკურნალობის პროცესში ხშირად ბეტა-ბლოკატორების ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტი ბისოპროლოლია. 

ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ბისოპროლოლი, როგორ უნდა მივიღოთ ის სწორად, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

რა არის ბისოპროლოლი?

ბისოპროლოლი სელექციური ბეტა-1 ადრენორეცეპტორების ბლოკატორია. მისი სელექციურობის წყალობით, ის ძირითადად გულზე ზემოქმედებს და ნაკლებად ახდენს გავლენას სხვა ორგანოებზე.

ბეტა-რეცეპტორები სხვადასხვა ორგანოში გვხვდება და ორ ძირითად ტიპად იყოფა – ბეტა-1 და ბეტა-2 რეცეპტორებად. ბეტა-1 რეცეპტორები უმთავრესად გულში მდებარეობს. მათი სტიმულაციის დროს გული უფრო სწრაფად და ძლიერად იწყებს ცემას. ბეტა-2 რეცეპტორები კი ძირითადად ბრონქებში (სასუნთქ გზებში) გვხვდება. მათი სტიმულაცია ბრონქების გაფართოებას იწვევს, რაც აუცილებელია სწორი სუნთქვისთვის.

არასელექციური ბეტა-ბლოკატორები ბლოკავენ როგორც ბეტა-1, ისე ბეტა-2 რეცეპტორებს. შედეგად, ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით კი სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, იზრდება ბრონქოსპაზმის განვითარების საფრთხე. ამ მხრივ, ბისოპროლოლი გამორჩეული მედიკამენტია, რადგან ის უმთავრესად მხოლოდ ბეტა-1 რეცეპტორებზე ზემოქმედებს და ნაკლებად ბლოკავს ბეტა-2 რეცეპტორებს. შესაბამისად, ის შედარებით უსაფრთხოა ასთმით ან ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული პაციენტებისთვის, თუმცა მისი მოხმარებისას სიფრთხილის ზომების მიღება მათთვის მაინც აუცილებელია.

გარდა ამისა, ბისოპროლოლი ნაკლებად იწვევს გვერდით ეფექტებს, როგორიცაა გლუკოზის დონის არასტაბილურობა, კუნთების სისუსტე ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა. როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენები ხშირია არასელექციური ბეტა-ბლოკატორების მოხმარების შემთხვევაში. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბისოპროლოლოს სელექციური მოქმედება დამოკიდებულია დოზაზეც. მაგალითად, მედიკამენტის დიდი დოზებით მოხმარებისას მან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ბეტა-2 რეცეპტორებზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დოზის შერჩევა ინდივიდუალურად, ექიმის მიერ, პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით მოხდეს. 

რისთვის გამოიყენება ბისოპროლოლი?

ბისოპროლოლი ეფექტიანია შემდეგი დაავადებების მართვისას:

  • არტერიული ჰიპერტენზია – ეს მდგომარეობა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს გულს, თირკმელებს, თვალებსა და ტვინს. ბისოპროლოლი ამცირებს გულისცემის სიხშირესა და გულის შეკუმშვის ძალას, რის შედეგადაც არტერიული წნევა თანდათან მცირდება. ამასთანავე, ის ხელს უწყობს არტერიების მოდუნებას და იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც კიდევ უფრო ამცირებს წნევას. 
  • სტენოკარდია – ის გულმკერდში უეცრად განვითარებული ტკივილის შეტევაა, რაც გულის სისხლმომარაგების დარღვევით, ძირითადად, კორონარული არტერიების შევიწროებით არის გამოწვეული. ბისოპროლოლის გავლენით გულისცემა ნელდება, რის გამოც ჟანგბადზე მოთხოვნაც იკლებს და, შესაბამისად, სტენოკარდიული შეტევების განვითარების რისკიც. პაციენტი, რომელიც მედიკამენტს იღებს, უფრო ამტანი ხდება ფიზიკური დატვირთვისადმი და უმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი.
  • გულის ქრონიკული უკმარისობა – ეს კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში გულის გადაჭარბებულ დატვირთვას იწვევს. ამ დროს ხშირად რთულდება ორგანოების ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით სრულფასოვანი მომარაგება. ბისოპროლოლი თრგუნავს სტრესჰორმონების – ადრენალინისა და ნორადრენალინის მოქმედებას, რომლებიც ხშირად ზედმეტად ასტიმულირებენ დაზიანებულ გულს. 
  • არითმიები – არარეგულარული გულისცემის დროს, ბისოპროლოლი რიტმს ასტაბილურებს. ის აფერხებს ზედმეტი იმპულსების გავრცელებას გულის სისტემაში, ამშვიდებს გულისცემას და ამცირებს არითმიის ეპიზოდებს, შესაბამისად, მის მიერ გამოწვეულ სიმპტომებს,  როგორებიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება.  პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების დროს. 

ბისოპროლოლი ასევე გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ახასიათებთ გულისცემის ზედმეტად აჩქარებები ემოციური დატვირთვის, შფოთვის ან ფიზიკური აქტივობის დროს. ამ შემთხვევაში პრეპარატი ასტაბილურებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის მოდუნებასაც.

გამოდის, რომ ბისოპროლოლი არ არის მხოლოდ წნევის დამწევი პრეპარატი. ის მოქმედებს კომპლექსურად – ამცირებს გულის გადატვირთვას, ამშვიდებს გულისცემას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას და იცავს გულს სტრესულ პირობებში. 

 

ბისოპროლოლი ანოტაცია

როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი — მიღების წესი და დოზირება

ბისოპროლოლი, როგორც წესი, მიიღება დილით, უზმოზე ან საუზმესთან ერთად, რათა ორგანიზმის მიერ პრეპარატის თანაბრად და სტაბილურად შთანთქმა მოხდეს. გარდა ამისა, ბისოპროლოლის დილის საათებში მიღებით მედიკამენტის დონე სისხლში დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

მნიშვნელოვანია, რომ ბისოპროლოლი დალიოთ ყოველდღე ერთი და იგივე დროს. ასე არა მხოლოდ გაზრდით პრეპარატის ეფექტიანობას, არამედ შეძლებთ მისი მიღება რუტინის ნაწილად აქციოთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების მართვისას. 

დოზის შერჩევა და კორექტირება აუცილებლად ექიმის მიერ ხორციელდება. ბისოპროლოლის საშუალო დოზა დღეში 2.5 მგ-დან 10 მგ-მდე მერყეობს, თუმცა მკურნალობა ხშირად მინიმალური დოზით იწყება. ასე ექიმს შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს პაციენტის ორგანიზმის რეაქციას პრეპარატზე და ეტაპობრივად – კვირების ან თვეების განმავლობაში უსაფრთხოდ გაზარდოს დოზა. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს ბისოპროლოლის მოხმარება კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. ამ შემთხვევაში საწყის ეტაპზე დოზა, როგორც წესი, ბევრად დაბალია.

დაუშვებელია ბისოპროლოლის ერთბაშად შეწყვეტა, რადგან ამ დროს ორგანიზმი გადაჭარბებულ აქტივობას იწყებს. შედეგად, იზრდება ტაქიკარდიის რისკი, მკვეთრად იმატებს არტერიული წნევა ან მწვავდება სტენოკარდიული ტკივილი. ასეთი გართულებები განსაკუთრებით საშიშია კორონარული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ან მათთვის, ვისაც გადატანილი აქვთ ინფარქტი. სწორედ ამიტომ ბისოპროლოლის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ეტაპობრივი შემცირებით. 

მედიკამენტის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ბისოპროლოლის მიღებისას ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი უმეტესად დროებითია და მოგვიანებით ქრება. ბისოპროლოლის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

  • დაღლილობა და სისუსტე – ბისოპროლოლის ზეგავლენით გულის რიტმი ნელდება, რაც ამცირებს ორგანიზმში ჟანგბადისა და სისხლის ცირკულირებას. ეს კი ენერგიის დეფიციტის შეგრძნებას იწვევს, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.
  • თავის ტკივილი – ის ზოგჯერ შაკიკსაც წააგავს. როგორც წესი, მედიკამენტზე ამ ტიპის რეაქცია დროებითია და პრეპარატთან შეჩვევის შემდეგ ქრება.
  • ჰიპოტენზია – ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ზედმეტად დაუქვეითდეს არტერიული წნევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას ან გონების დაბინდვას. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის ინფორმირება. 
  • მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა უსიამოვნო სიმპტომები – ბისოპროლოლმა შეიძლება იმოქმედოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზეც. ასეთ დროს ხშირად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად.
  • ცივი კიდურები – მედიკამენტი გავლენას ახდენს კიდურებში სისხლის მიმოქცევაზეც, რაც შესაძლოა ხელებისა და ფეხების გაცივებით გამოიხატოს. 
  • ძილის დარღვევები – ბეტა-ბლოკატორებმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს უძილობა ან სიზმრების ინტენსიურობა. თუმცა ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მცირდება მკურნალობის პროცესში.

გარდა ამისა, ბისოპროლოლს იშციათად ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას, ესენია:

  • ბრადიკარდია – გულისცემის მნიშვნელოვნად შენელება (60-ზე ნაკლები პულსი წუთში), რაც იწვევს სისუსტეს, თავბრუსხვევას, ზოგჯერ გონების დაკარგვასაც კი.
  • დეპრესიული მდგომარეობა ან გაღიზიანებადობა – ბისოპროლოლმა შეიძლება იმოქმედოს განწყობაზეც, რაც განსაკუთრებით ყურადსაღები სიმპტომია მათთვის, ვისაც უკვე აწუხებს დეპრესია ან შფოთვები.
  • სუნთქვის პრობლემები – განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბისოპროლოლმა შეიძლება სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე და ექიმის მითითებების დაცვა. 
  • ალერგიული რეაქციები – როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება. საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. 

შეგახსენებთ, რომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა იშვიათად ვლინდება ან ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. თუმცა მათ შესახებ ექიმის ინფორმირება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ეფექტიანი და უსაფრთხო მკურნალობისთვის.

 

ბისოპროლოლი ტაბლეტები

როგორია ბისოპროლოლის უკუჩვენებები

არსებობს გარკვეული მდგომარეობები, როცა ამ პრეპარატის მიღება ან არ არის რეკომენდებული ან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

  • ბრადიკარდია – ბისოპროლოლი მიღება არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს უკვე აქვს პათოლოგიურად ნელი გულისცემა, ანუ ბრადიკარდია.
  • კარდიოგენული შოკი – ეს მდგომარეობა გულის მიერ სისხლის გადატყორცნის უნარის მკვეთრად დაქვეითებას ნიშნავს. ბისოპროლოლის მიღება ამ დროს კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას.
  • გულის მწვავე უკმარისობა – მედიკამენტის მიღება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს. 
  • ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) – ბისოპროლოლის მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების შევიწროება (ბრონქოსპაზმი), რაც განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ასთმა ან ფქოდის რთული და პროგრესული ფორმები.
  • II ან III ხარისხის AV ბლოკადა – ეს გულის გამტარობის სერიოზული დარღვევაა. ბისოპროლოლის მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს პაციენტის მდგომარეობა.
  • ფეოქრომოციტომა – ის თირკმელზედა ჯირკვლების უჯრედებიდან წარმოქმნილი სიმსივნეა, რომელსაც თან ახლავს ადრენალინის მაღალი დონე ორგანიზმში. ბისოპროლოლის უკონტროლოდ მიღებამ ამ დროს შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ზრდა ან სხვა არასასურველი ეფექტები.
  • შაქრიანი დიაბეტი – ბისოპროლოლი ზოგჯერ ხელს უშლის ჰიპოგლიკემიის ნიშნების გამოვლენას, რის გამოც დიაბეტიანმა პაციენტმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს გლუკოზის დონის მკვეთრი დაცემა და ვერ მიიღოს ზომები დროულად.
  • ორსულობა და ძუძუთი კვება – ბეტა-ბლოკატორბმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაყოფის ზრდასა და გულისცემაზე, ამიტომ ორსულობის დროს მედიკამენტი დიდი სიფრთხილით ინიშნება. ბისოპროლოლოის მცირე რაოდენობა ასევე ხვდება დედის რძეში. მიუხედავად იმისა, კლინიკურად მისი ეფექტი ჩვილებში არ ფიქსირდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ მკურნალობის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სწორ დოზირებაზე, თანმიმდევრულ მიღებასა და, გამოვლენის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენების მართვაზე.

8 აგვ 2025