აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ცელესტოდერმი — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე

უკან

ცელესტოდერმი — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გამოყენებამდე

5 ივლ 2025

ცელესტოდერმი ინფექციისთვის

ცელესტოდერმი V კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ანთებისა და ინფექციების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს. გარე გამოყენების ამ საშუალებას ისეთ შემთხვევებში მიმართავენ, როცა კანის ანთებას თან მეორეული ინფექციაც ახლავს. 

ცელესტოდერმი კრემისა და მალამოს სახით არის ხელმისაწვდომი. ორივე მათგანი მოქმედი ნივთიერებების სახით ბეტამეთაზონსა (კონკრეტულად ბეტამეთაზონის ვალერატს) და გენტამიცინს (გენტამიცინის სულფატს) შეიცავს. განსხვავებულია მათი დამხმარე ნივთიერებები. 

ცელესტოდერმი V-ს (ცელესტოდერმი b ამ პრეპარატის არასწორი დასახელებაა) მოძიებასა და შეძენას PSP-ს ონლაინაფთიაქში შეძლებთ. იგი ურეცეპტოდ გაიცემა. 

 

როდის გამოიყენება ცელესტოდერმი?

ცელესტოდერმის მალამო ან კრემი კანის ანთებითი დაავადებების დროს გამოიყენება, რომელთაც გართულების სახით ინფექციაც ახლავს თან (ან ამის ეჭვი არსებობს). ცელესტოდერმის ერთი მოქმედი ნივთიერება, ბეტამეთაზონი, გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფს განეკუთვნება და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია; მეორე აქტიური ნივთიერება, სახელად გენტამიცინი (მას გარამიცინსაც უწოდებენ), ანტიბიოტიკია. 

იმისათვის, რომ ცელესტოდერმი ეფექტიანი იყოს, კანის არსებული დაავადება გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას უნდა ექვემდებარებოდეს. მეორეული ინფექციის შემთხვევაში მისი გამომწვევი მიკროორგანიზმები გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე უნდა იყოს (ცნობილია, რომ კონკრეტული ანტიბიოტიკები კონკრეტულ მიკროორგანიზმებს ხოცავს და არა ყველას).

ცელესტოდერმი, ზოგადად, შემდეგი პრობლემების დროს გამოიყენება: 

  • ეგზემა, იქნება ეს ატოპიური (იგივე ნეიროდერმიტი), ბავშვთა თუ მონეტისებური;
  • კონტაქტური, სებორეული ან კანის ხახუნისგან გამოწვეული დერმატიტები; 
  • მზის ან ექსფოლიაციური დერმატიტები;
  • სტაზ-დერმატიტი (ქვედა კიდურების კანის ანთება, რომელსაც ვენების გაგანიერება იწვევს);
  • ფსორიაზი;
  • ქავილი ანო-გენიტალურ არეში;
  • მოხუცებში კანის სიმშრალისგან გამოწვეული ქავილი.

ცელესტოდერმი გარამიცინით, მალამო იქნება ეს თუ კრემი, არ გამოიყენება აკნეს ან მხოლოდ კანის ინფექციების შემთხვევაში, რომლებიც დერმატიტის გარეშე მიმდინარეობს. მედიკამენტი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტსაც შეიცავს, რომლის გამოყენებაც ასეთ დროს (ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიული, მათ შორის ტუბერკულოზური, ინფექციებისას) შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს. ცალკე დერმატიტის ან ცალკე ინფექციის დროს უმჯობესია, კომბინირებული საშუალების ნაცვლად, შესაბამისად, ანთების ან ინფექციის საწინააღმდეგო საშუალება იქნას გამოყენებული. ცელესტოდერმი ანტიბიოტიკის გარეშე ფორმითაც არის ხელმისაწვდომი. 

ამ საშუალების გამოყენება არ შეიძლება, თუკი მის რომელიმე კომპონენტზე — მოქმედი ნივთიერებები იქნება ეს თუ დამხმარე — ალერგია გაქვთ. მალამოსა თუ კრემში შემავალი ნივთიერებების სრული სია შეგიძლიათ ანოტაციაში შეამოწმოთ. 

ცელესტოდერმს არ მიმართავენ მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება: როზაცეა ან მსგავსი მდგომარეობა, პერორალური დერმატიტი, კანის ატროფიული დაავადებები თუ დერმატომიკოზები. ეს შეიძლება უკუჩვენებების სრული ჩამონათვალი არ იყოს, ამიტომ პრეპარატის შესაბამისობა ექიმმა უნდა შეაფასოს. 

 

ცელესტოდერმი გამოყენება

 

გამოიყენება თუ არა ცელესტოდერმი სახეზე — მოხმარების წესები და სიფრთხილის ზომები 

ცელესტოდერმის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება, ბეტამეთაზონი (უფრო ზუსტად, ბეტამეთაზონის ვალერატი), საშუალო სიძლიერის გლუკოკორტიკოსტეროიდია. ამ ჯგუფის ნივთიერებები კანის ანთების წინააღმდეგ ხშირად საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა არასწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება კანის გათხელება და სხვა გართულებებიც გამოიწვიოს (შესაძლო გვერდით მოვლენებს მომდევნო ქვეთავში განვიხილავთ). ეს რისკი უფრო მაღალია მაშინ, როცა ბეტამეთაზონს ნაზ კანზე ან დიდ არეალზე ვიყენებთ. 

შესაბამისად, სახეზე ეს პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება, მკურნალობა კი რაც შეიძლება ცოტახანს უნდა გაგრძელდეს — არაუმეტეს ერთი კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ ექიმის გარეშე ეს პრეპარატი სახის კანზე არ გამოიყენოთ. 

ცელესტოდერმი სხეულის სხვა არეალებშიც შეზღუდული დროით ინიშნება, მაქსიმუმ 7-10 დღით (ბავშვებში მაქსიმუმ 7 დღით). მისი გამოყენება არ შეიძლება ჭრილობებსა და წყლულებზე, ასევე ბუნებრივი ნაკეცების ზონებში ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, რადგან ამ დროს სხეული ბეტამეთაზონს უფრო ძლიერად შეიწოვს და სისტემური ზემოქმედების რისკი ირდება. 

ცელესტოდერმის “მაზი” ან კრემი კანის დაზიანებულ, აქერცლილ უბანზე თხლად უნდა დაიტანოთ. ეს არეალი კანის საერთო საფარველის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია დღეში ერთხელ გამოყენება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში (ამას ექიმი განსაზღვრავს) ეს ორჯერ ან მეტჯერაც არის შესაძლებელი. 

ბავშვებში ბეტამეთაზონი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება, რადგან კანიდან ისინი უფრო ინტენსიურად შეიწოვება, ვიდრე ზრდასრულებში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ცელესტოდერმის გამოყენება რეკომენდებული არ არის; მისი მოხმარება ასევე არაა რეკომენდებული 10-15 წლის მოზარდებში, თუ ამის სერიოზული სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის არც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან ამის უსაფრთხოება დაზუსტებული არ არის. ექიმმა, შესაძლოა, ცელესტოდერმი ამ დროს იმ შემთხვევაში დანიშნოს, თუ სარგებელი ცალსახად გადაწონის რისკებს.

მნიშვნელოვანია, რომ ცელესტოდერმის გამოყენებამდე მის ანოტაციას ყურადღებით გაეცნოთ. სწორედ აქ იხილავთ ინფორმაციას შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადის შესახებაც.  

როგორი შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები? 

პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ყოველთვის არ ვლინდება. შედარებით ხშირია ალერგია, გამონაყარი და კანის შეფერილობის დროებითი ცვლილება. 

ბეტამეთაზონის გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, შეიძლება გამოყენების ადგილას შემდეგმა გვერდითმა ეფექტებმა იჩინოს თავი: ქავილი, წვა, სიმშრალე, ფოლიკულიტი, პიგმენტაციის შემცირება, სტეროიდული აკნე ან აკნეს მსგავსი გამონაყარი, ზედაპირული კაპილარების გაგანიერება, თმიანობა, პერორალური ან კონტაქტური დერმატიტები, კანის გათხელება ან ატროფია, მეორეული ინფექციები, სტრიებისა და ნახეთქების გაჩენა. 

ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, ასევე ფართო ზედაპირებზე, ხანგრძლივად ან ჭარბად გამოყენებისას შეიძლება სისტემური გვერდითი მოვლენებიც განვითარდეს, რადგან ამ დროს პრეპარატი ჭარბად შეიწოვება. ეს გვერდითი ეფექტებია: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ურთიერთქმედების შექცევადი დათრგუნვა (შეიძლება კუშინგის სინდრომის სიმპტომებით გამოვლინდეს, მათ შორის სიმსუქნით, პირისახის სიმრგვალითა და ფსიქიკური პრობლემებით), ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა წნევის მატება, არტერიული წნევის მატება, შეშუპება, ჰიპოკალემია (კალიუმის ნაკლებობა), ოსტეოპოროზი, ჰიპერთირეოზი, ქოლესტერინის საერთო დონის მატება, პეპტიდური წყლული, პარესთეზიები, სუბკაფსულური კატარაქტა, თმის ატიპიური ცვენა, თმიანობა, პერორალური დერმატიტი და კანის გაფერმკრთალება. 

ბავშვებში გამოყენებისას სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი უფრო მაღალია, რადგან სხეულის მასისა და კანის ზედაპირის შეფარდების მაჩვენებელი უფრო დიდია. 

გარდა ბეტამეთაზონისა, გვერდითი მოვლენები შეიძლება ცელესტოდერმში შემავალმა გენტამიცინმაც გამოიწვიოს. ესენი შეიძლება იყოს: გრანულაციის შეხორცების შეფერხება; ოტოტოქსიკური, ნეფროტოქსიკური და ვესტიბულარული დარღვევები (განსაკუთრებით ფართო არეალზე ხანგრძლივად გამოყენებისას); კანის დროებითი გაღიზიანება, თუნდაც შეწითლება ან ქავილი. 

უმჯობესია ექიმს მიმართოთ, თუკი ადგილობრივი გვერდითი მოვლენები განსაკუთრებით შეგაწუხებთ ან სისტემური გვერდითი სიმპტომები გამოგივლინდებათ. სპეციალისტი შეეცდება, თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად დაგეხმაროთ. 



5 ივლ 2025