აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ცეფურო — პრეპარატი ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ

უკან

ცეფურო — პრეპარატი ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ

8 აგვ 2025

ცეფურო 500 მგ

 

თანამედროვე მედიცინაში ბაქტერიული ინფექციები გამოწვევაა, რომელსაც ძირითადად სწორად შერჩეული ანტიბიოტიკებით უმკლავდებიან. ისეთი ჩვენებების დროს, როგორიცაა ფარინგიტი, მწვავე ბაქტერიული ჰაიმორიტი, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, გონორეა, ან სხვა — შესაძლოა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა ცეფურო დაგინიშნოთ. ეს უკანასკნელი II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. 

ცეფუროს ანოტაცია — შედგენილობა და გამოყენების ჩვენებები

ცეფუროს სუსპენზია, ცეფურო 250, ცეფურო 500 — პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია როგორც ხსნარის, ასევე ტაბლეტების სახით. ცეფუროს თითოეული შემოგარსული ტაბლეტი  აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 500 მგ ცეფუროქსიმს (ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით). მედიკამენტის საერთაშორისო დასახელება სწორედ ცეფუროქსიმის  აქსეტილია. 

ცეფურო ინიშნება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს. იგი აფერხებს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზს და იწვევს მათ განადგურებას.

ანოტაციის მიხედვით ცეფურო ინიშნება ინფექციების ფართო სპექტრის დროს, მათ შორის:

  • სასუნთქი გზების ინფექციები  — ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი;
  • შარდსასქესო სისტემის ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, რომლებიც არ არის გართულებული;
  • გაურთულებელი გონორეა;
  • ლაიმის დაავადების ადრეული სტადია;

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი პრეპარატის, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება დაუშვებელია. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენი ჩივილებით ექიმს და ის გამოგიწერთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებულ პრეპარატსა და მკურნალობის კურსს. 

 

ცეფურო ანოტაცია

როგორია ცეფუროს გამოყენების წესი და დოზირება

თქვენმა მკურნალმა ექიმმა ცეფურო უნდა დაგინიშნოთ კვების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ თუ ვერ მიჰყევით ექიმის დანიშნულებას, მაგალითად გამოგრჩათ ერთ-ერთი დოზა, ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ცეფუროს შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ადრე და შემდგომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი წესით. იმ შემთხვევაში, თუკი ეს რეკომენდაცია დამაბნეველია, დააზუსტეთ თქვენი კითხვა მკურნალ ექიმთან.

რაც შეეხება ცეფუროს დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია როგორც პაციენტის ასაკზე, ასევე ჩივილებზე. მაგალითად მოზრდილებმა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებმა, რომელთაც აწუხებთ ზედა სასუნთქი გზების ისეთი ინფექციები, როგორიცაა ფარინგიტი, ტონზილიტი, ან სინუსიტი, შესაძლოა, ექიმის დანიშნულებით, მიიღონ ცეფუროს 250 მგ-იანი ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, 10 დღის განმავლობაში; ბავშვებს კი, შესაძლოა ექიმმა ცეფუროს სუსპენზია გამოუწეროს. 

გაითვალისწინეთ, რომ 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ცეფუროქსიმის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, შესაბამისად კი მსგავს რეკომენდაციას ვერ შეხვდებით.

განსაკუთრებული მითითებები — გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები

თუკი ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ცეფუროს მიღება არ შეიძლება. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლებელია ჯვარედინი მგრძნობელობის განვითრება. 

რომელიმე სახის ალერგიული რეაქციის გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამ დროს საჭიროა, სწრაფი რეაგირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

თუკი გაქვთ თირკმლის უკმარისობა, შესაძლოა საჭირო იყოს პრეპარატის დოზის და/ან მიღების სიხშირის შემცირება. 

რადგანაც არ არის ჩატარებული შესაბამისი კვლევები, ცეფურო ორსულებმა არ უნდა მიიღონ. გამონაკლისია შემთხვევები, როცა ეს აბსოლუტურად აუცილებელია და დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ, პოტენციურ რისკს. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიჰყვეთ ექიმის დანიშნულებას. 

რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, რადგანაც ცეფუროქსიმის აქსეტილი აღწევს დედის რძეში, ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

თუკი დაიწყეთ ცეფუროს მიღება და გამოგივლინდათ ახალი ჩივილები, როგორიცაა გულისრევა, დიარეა, კანის გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, ასევე იშვიათა, თუმცა შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰემატოლოგიური ცვლილებები, კრუნჩხვები, ან სხვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებასა და თქვენს მკურნალ ექიმს. 

გაითვალისწინეთ, რომ ცეფურო ანტიბიოტიკების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება, შესაბამისად, სანამ ამ მედიკამენტის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

8 აგვ 2025