ცისტონი — პრეპარატი შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ
5 აგვ 2025

ცისტონი ინდოეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც ტაბლეტების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ის ბუნებრივი წარმომავლობის მცენარეული საშუალებაა, რომელიც უროლოგიური პრეპარატების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. ცისტონის ფორმულა სხვადასხვა კომპონენტის კომბინაციით შეიქმნა. პრეპარატის აქტიური ნივთიერებები ძირითადად მცენარეული ექსტრაქტებია.
წამალი ცისტონი წარმოდგენილია მრგვალი ფორმის, ორმხრივად ამობურცული ტაბლეტების სახით, რომლებიც ღია ყავისფერი შეფერილობისაა და შეიცავს როგორც უფრო ღია, ასევე შედარებით მუქ, ფერად ჩანართებს, რაც ბუნებრივი კომპონენტების არსებობაზე მიუთითებს.
პრეპარატი მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონში, რომელშიც 100 ტაბლეტია. ფლაკონი კი დევს მუყაოს კოლოფში, რომელიც წამალს გარე ზემოქმედებისგან იცავს და მის უსაფრთხო შენახვას უზრუნველყოფს. ცისტონი პსპ-ს აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
მედიკამენტ ცისტონის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია Didymocarpus pedicellata-ს ყვავილების ექსტრაქტი, რომელიც 65 მგ ოდენობითაა წარმოდგენილი. მის გარდა მედიკამენტი ასევე შეიცას Saxifraga ligulata-ს ღეროების ექსტრაქტს — 49 მგ-ს, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს პრეპარატის თვისებებში.
Rubia cordifolia-სა და Cyperus scariosus-ის ექსტრაქტები, რომლებიც, შესაბამისად, 16-16 მგ-ს შეადგენს, ცნობილია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. ამავე დოზითაა წარმოდგენილი Achyranthes aspera-ს თესლების, Onosma bracteatum-ის ზედა ნაწილებისა და Vernonia cinerea-ს მთლიანი მცენარის ექსტრაქტები — ყველა მათგანი შარდსასქესო სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
პრეპარატი ასევე შეიცავს სპეციალურ მინერალურ კომპონენტებს — მათ შორის, კალციუმის კარბონატისა და სილიკატის ნარევის (Hajrul yahood bhasma) 16 მგ-იან ფხვნილს, რომელიც უროლოგიურ დარღვევებთან ბრძოლაში გამოიყენება. ამასთან ერთად, მასში შედის გასუფთავებული მუმიეს (Shilajit Purified) 13 მგ-იანი ფხვნილი.
დამატებით, ცისტონის შემადგენლობაში გვხვდება შემდეგი მცენარეების ექსტრაქტები: Ocimum basilicum-ის ზედა ნაწილები, Dolichos biflorus-ის თესლები, Tribulus terrestris-ის ნაყოფი, Mimosa pudica-ს თესლები, Pavonia odorata-ს მთლიანი მცენარე, Equisetum arvense-სა და Tectona grandis-ის მცენარეული ნაწილები.
პრეპარატში გამოყენებული დამხმარე ნივთიერებებია მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, კროსპოვიდონი და აეროსილი — ეს ინგრედიენტები ტაბლეტების სტრუქტურულ სტაბილურობას და ეფექტიანად შეთვისებად ფორმულას უზრუნველყოფს.

ცისტონი შარდსასქესო სისტემის სხვადასხვა მდგომარეობისას როგორც თერაპიულ, ისე მკურნალობის დამატებით მხარდამჭერ საშუალებად გამოიყენება.
მას ძირითადად მიმართავენ შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, მათ შორის ოქსალატური, ფოსფატური, შარდმჟავას ან ურატული წარმოშობის კენჭების, ასევე გლიკოლის მჟავას შერეული კრისტალების არსებობის შემთხვევაში. პრეპარატი ეფექტიანია როგორც კენჭების არსებობისას მკურნალობისთვის, ასევე მათი ოპერაციის გზით მოცილების შემდეგ რეციდივის პრევენციისთვის.
ცისტონს იყენებენ როგორც დამხმარე თერაპიას შარდგამომყოფი გზების ინფექციების შემთხვევაში. ის განსაკუთრებით ეფექტიანია ცისტიტის, პიელიტის, არასპეციფიკური ურეთრიტის, ორსულობისას წარმოშობილი საშარდე გზების ინფექციების, ასევე შარდვის დროს წვის შეგრძნების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება პოდაგრისა და ჰიპერურიკემიის დროს შარდმჟავას დონის დასარეგულირებლად, ასევე შარდის შეუკავებლობის შემთხვევებში ქალებში. ცისტონს მიმართავენ სიალოლითიაზის — სანერწყვე ჯირკვალსა და სანერწყვე სადინრებში კენჭების წარმოქმნის დროსაც, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილს.
პრეპარატის მიღებამდე ცისტონის ანოტაციას გულდასმით გაეცანით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტის დოზირება იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად, რა აწუხებს პაციენტს და რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა. რაც შეეხება ცისტონის მიღების წესს, ის ძალიან მარტივია — გამოიყენება პერორალურად, საკვების შემდეგ, წყლის დაყოლებით.
შარდკენჭოვანი დაავადებისა და კრისტალურიის შემთხვევაში, რეკომენდებულია 2 ტაბლეტის მიღება დღეში 2-3-ჯერ, 4-6 კვირის განმავლობაში ან კენჭის ბუნებრივ გამოდევნამდე.
შარდგამომყოფი გზების ინფექციებისას (მათ შორის ცისტიტი, პიელიტი, ურეთრიტი და სხვა): 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, ინფექციური პროცესის სრულ აღმოფხვრამდე.
შარდგამომყოფი გზების რეციდივული ინფექციებისას — მაგალითად, ხშირი ცისტიტის შემთხვევაში — 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 6-დან 12 კვირამდე.
თირკმლის მწვავე კოლიკის დროს, სიმპტომების სრულ გაქრობამდე მიიღება 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
შარდვის დროს წვის შეგრძნებისა და დისკომფორტის შემთხვევაში, დოზირება ასეთია: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. კურსი 4-5 დღეს გრძელდება ან სიმპტომების ალაგებამდე.
კენჭების რეციდივის პრევენციისთვის, ანუ ხელახლა წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება შედარებით ხანგრძლივი რეჟიმი: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, 4-5 თვის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, ცისტონის მიღების შემდეგ გვერდითი მოლენების სახით პაციენტების ნაწილის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რაც ძირითადად პრეპარატის შემადგენელი ცალკეული კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგია. ასეთ შემთხვევაში სასურველია, მედიკამენტის გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.
ყველა შემთხვევაში, ცისტონის გამოყენება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებისა და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
5 აგვ 2025