გლიცერინი - პრეპარატი კანის სიმშრალისა და ყაბზობის წინააღმდეგ
6 ივლ 2025

გლიცერინი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ეგვიპტეში წარმოებული პრეპარატია, რომელიც გარეგანი გამოყენების ხსნარისა და სამედიცინო სანთლების ფორმით არის ხელმისაწვდომი. გლიცერინს აქვს დამარბილებელი მოქმედება კანის მიმართ და მსუბუქად ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
სითხეში შედის 85 გ გლიცერინი და დისტილირებული წყალი 100 გ-მდე. რაც შეეხება სუპოზიტორიას, ხელმისაწვდომი გლიცერინის სანთელი საბავშვო (1375 მგ) და გლიცერინის სანთელი მოზრდილებისთვის (2250 მგ). პსპ-ში გლიცერინის 25 მლ-იანი და 30 მლ-იანი ფლაკონი, ასევე 5 სუპოზიტორიის შემცველი შეფუთვაა წარმოდგენილი. აფთიაქების ქსელში ასევე ხელმისაწვდომია გლიცერინის მალამო ხელისთვის. აღსანიშნავია, რომ გლიცერინი სახის კანისთვის და თმის მოვლის საშუალებებისთვისაც გამოიყენება.
გლიცერინი ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის შედეგად ბუნებრივად წარმოიქმნება. იგი, ჟანგვითი პროცესების დროს, როგორც შიგა (ენდოგენური), ასევე გარედან მიღებული (ეგზოგენური) ფორმით, ნახშირმჟავად და წყლად გარდაიქმნება.
სუფთა სახით გლიცერინი კანის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ეს ეფექტი საგრძნობლად მცირდება, თუ მას დაემატება წყალი (30-დან 50%-მდე), ვაზელინი ან ლანოლინი. გლიცერინი ასევე ამცირებს სხვა სამკურნალო საშუალებების მიერ გამოწვეულ კანის გაღიზიანებას. კანში შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა ის კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსების გავლით.
შედეგად, პრეპარატი გლიცერინი გამოიყენება კანის და ლორწოვანი გარსების დამარბილებელი საშუალების სახით. ის ეფექტიანია ყაბზობის დროს. შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში გლიცერინის სანთლები ინიშნება, რომლებიც სასაქმებლის როლს ასრულებს.
გარდა ამისა, გლიცერინს კოსმეტიკაშიც აქტიურად იყენებენ, სახისა და თმის მოვლის საშუალებებში. ხშირად გლიცერინს ქუსლებზე ნახეთქების შემთხვევაშიც მიმართავენ.

გლიცერინის სითხის გამოყენება რეკომენდებულია გარეგანად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანი მშრალი და დახეთქილია. საფაღარათო მიზნებისთვის პრეპარატი გამოიყენება რექტალურად, როგორც გლიცერინის ოყნა, საშუალოდ 2-დან 5 მლ-მდე მოცულობით.
გლიცერინის სანთლებიც სასაქმებელ საშუალებას წარმოადგენს. მიზანშეწონილია მისი მინიმალური ეფექტიანი დოზის შერჩევა – სწორედ ის რაოდენობა, რომელიც ნაწლავების რბილ და ბუნებრივ მოქმედებას უზრუნველყოფს.
მოზრდილებსა და 12-18 წლის მოზარდებში რეკომენდებულია დღეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ, ერთი ცალი გლიცერინის სანთლის გამოყენება. 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზა იგივეა – ერთი სანთელი, ასევე დღეში მაქსიმუმ ერთხელ ან ორჯერ. გაითვალისწინეთ, რომ გლიცრინის საბავშო და მოზრდილებისთვის განკუთვნილი სანთლები სხვადასხვა დოზირებითაა წარმოდგენილი.
პირველ რიგში, სანთლები გამოყენებამდე კონტეინერიდან უნდა ამოიღოთ. თუ ის ზედმეტად დარბილებულია, გახსნამდე რამდენიმე წუთით ცივ წყალში მოთავსება ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის სწორ ნაწლავში შეყვანის გასამარტივებლად რეკომენდებულია სანთლის დატენიანება.
გლიცერინის გამოყენება 12 წლამდე ბავშვებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ასევე, სასურველია მისი გამოყენება საკვების მიღებიდან ორი საათის შემდეგ ან ორი საათით ადრე, რადგან პრეპარატმა შეიძლება საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების შეწოვაზე მოახდინოს გავლენა.
სასაქმებელი საშუალებებით მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტხანს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ გლიცერინის ეფექტიანობას ხელს უწყობს სითხით მდიდარი, ბოჭკოვანი საკვებით გაჯერებული რაციონი.
გაითვალისწინეთ, გლიცერინის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
გვერდითი ეფექტები გლიცერინის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც სისხლში მომატებული შეწოვა აღინიშნება. ეს ძირითადად იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინურ ინფარქტს. ზოგჯერ აღინიშნება ნაწლავების გაღიზიანებაც.
პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება თავი იჩინოს გასტროინტესტინურმა დაავადებებმა, იზოლირებული კრამპების ან აბდომინური კოლიკასა და დიარეის სახით. ეს ხშირად სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვითაა გამოწვეული, უფრო ხშირია მწვავე შეკრულობისას და რექტალური ზონის გაღიზიანებისას.
თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია გაძლიერდა, ან გაჩნდა ისეთი სიმპტომი, რომელიც ინსტრუქციაში მითითებული არ არის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
6 ივლ 2025