ერითრომიცინი — ანტიმიკრობული პრეპარატი ინფექციებთან საბრძოლველად
30 ივნ 2025

ერითრომიცინი მაკროლიდების ჯგუფში შემავალი ანტიმიკრობული საშუალებაა, რომლის მოქმედების მექანიზმიც ბაქტერიოსტატიკურია. ის თეთრი ტაბლეტების სახით არის წარმოდგენილი და პერორალურად მიიღება.
აბების ძირითადი დოზებია: ერითრომიცინი 500 მგ. და ერითრომიცინი 200 მგ. ხელმისაწვდომია ერითრომიცინი 250 მგ.-იც. მათ შედგენილობაში შესაბამისი ოდენობის აქტიური ნივთიერებაა, რომლის სახელიც თავად მედიკამენტის ანალოგიურია და ძირითადად სტეარატის სახითაა წარმოდგენილი.
ის, თუ ერითრომიცინი რისი წამალია, მარტივი გამოსაცნობია: ის სხვადასხვა პათოგენით გამოწვეულ ინფექციებს ებრძვის და მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.
ერითრომიცინს აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ ინვიტრო პირობებში, არამედ სხვადასხვა კლინიკური ინფექციის მართვაშიც.
ის გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე წარმატებით მოქმედებს. მისი სამიზნე მიკროორგანიზმებია: Listeria monocytogenes, Corynebacterium diphtheriae, Streptococcus spp, Staphylococcus spp, Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, Legionella pneumophila, Chlamydia spp, Mycoplasma pneumoniae და მრავალი სხვა.
ანტიბიოტიკი აქტიურია როგორც სისტემურ, ისე ლოკალურ ინფექციებთან ბრძოლაში და ძირითადი თუ კომბინირებული თერაპიის დროს ხშირად ინიშნება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოყენების სფერო სასუნთქი გზების ინფექციებია. ეს ნიშნავს, რომ ერითრომიცინი ყელის ტკივილის მსგავსი სიმპტომებით გამოვლენილი ინფექციური პროცესებისასაც დადებით შედეგს იძლევა.
ასევე, ის შესანიშნავი არჩევანია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი და პერიტონზილარული აბსცესი. პრეპარატი ამცირებს ანთებას, ებრძვის გამომწვევ ბაქტერიებს და ამსუბუქებს სიმპტომებს. ტაბლეტები ეფექტიანია სინუსიტის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ატიპიური პნევმონიის, ლეგიონერების დაავადებისა და ბრონქოექტაზიის დროსაც.
ერითრომიცინი გამოიყენება ყურის ინფექციების, ბლეფარიტის, გინგივიტის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების შემთხვევაშიც. მის სამიზნე ინფექციებში შედის ფურუნკული, ჩირქოვანი აკნე, ცელულიტი და წითელი ქარი. აგრეთვე ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციებს ებრძვის, როგორებიცაა ქოლეცისტიტი და სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი. ერითრომიცინი შედეგიანია ურეთრიტის, გონორეის, სიფილისისა და პროსტატიტის დროსაც.
პრეპარატი ინიშნება როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით, მაგალითად: ოპერაციის წინ და შემდეგ, დამწვრობის ან ტრავმის მიღებისას და რევმატული ცხელების პრევენციისთვის. ერითრომიცინი რეკომენდებული საშუალებაა ისეთი მდგომარეობისას, როცა ფართო სპექტრის, მაგრამ შედარებით მსუბუქი მოქმედების ანტიბიოტიკია საჭირო. მრავალმხრივი მოქმედება და ეფექტიანობა მას სხვადასხვა ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის შესაბამის მედიკამენტად აქცევს.

ერითრომიცინი ანტიბიოტიკია, რომელიც ფართო ანტიმიკრობული სპექტრით გამოირჩევა. მისი მოქმედება ბაქტერიების ცილის სინთეზის ბლოკირებას ეფუძნება, რაც ინფექციური აგენტების ზრდისა და გამრავლების შეჩერებას იწვევს. პრეპარატი 50S რიბოსომულ სუბერთეულს უკავშირდება და მიკროორგანიზმების ცხოველქმედებას აფერხებს.
ერითრომიცინის (500) ანოტაცია იმასაც გვეუბნება, რომ ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილად შეიწოვება, თუმცა საკვების არსებობისას შეიძლება ეს პროცესი შეფერხდეს. წამალი პლაზმაში მოქმედების პიკს 1-4 საათში აღწევს. იგი სხეულის ქსოვილებსა (ღვიძლი, ელენთა) და ორგანიზმის სითხეებში აქტიურად ნაწილდება, მაგრამ ჰემატოენცეფალურ ბარიერს ვერ ლახავს. ცილებთან მისი შეერთება ფორმაზეა დამოკიდებული — ფუძის სახით ეს მაჩვენებელი 70-75ია, ხოლო პროპიონატის ეთერის სახით 95%-ს აღწევს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერითრომიცინი პლაცენტასა და დედის რძეში ხვდება, ამიტომ მისი გამოყენებისას ორსულებმა და მეძუძურებმა ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ. პრეპარატი ღვიძლში დემეთილაციის გზით მეტაბოლიზდება და ძირითადად ნაღველთან ერთად გამოიყოფა. შარდთან ერთად მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყოფა — პერორალური დოზის 2-5% და ინტრავენური დოზის 12-15%. ნახევარგამოყოფის პერიოდი 1.5-2.5 საათს შორის მერყეობს, რაც მის არაკუმულაციურ ბუნებასა და ხანგრძლივი გამოყენებისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ერითრომიცინ 500-ის მიღების წესი სხვა დოზებთან ერთად გრამობითაა განსაზღვრული. ის პაციენტის ასაკსა და დაავადების სიმძიმეზე ინდივიდუალურადაა მორგებული.
კერძოდ, მოზრდილებისთვის ერთი დოზა, როგორც წესი, 0.25 გ-ს შეადგენს, თუმცა მძიმე ინფექციებისას შეიძლება 0.5 გ-მდე გაიზარდოს (ყოველ 4-6 საათში). პრეპარატი ჭამამდე 1-1.5 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ მიიღება. მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა — 4 გ-ია. ამ რეკომენდაციების დაცვა გვერდითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია.
ერითრომიცინი ბავშვებში წონისა და ასაკის შესაბამისად ინიშნება. საშუალოდ, პედიატრიული დოზა წონაზე 30-50 მგ/კგ-ს შეადგენს. მიღების სიხშირე დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული: ზოგ შემთხვევაში ის ყოველ 6 საათში მიიღება, ხოლო მსუბუქი შემთხვევებისას — 8 ან 12 საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 5-14 დღემდეა და ინფექციის ფორმასა თუ სიმძიმეზეა დამოკიდებული.
ჭარბი დოზის შემთხვევაში ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი გულისრევა, ღებინება, დიარეა და იშვიათად — სმენის დაქვეითება (დროებითი). ასეთ დროს აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და ზოგადი მკურნალობა. შესაბამისად, ერითრომიცინის დანიშნულება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა გაიცეს, რათა არასასურველი რეაქციები ავიცილოთ და ოპტიმალურ სამკურნალო ეფექტს მივაღწიოთ.

ერითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების ან ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების ერთდროულად მიღების დროს. ეს იმიტომ, რომ პრეპარატი სწორედ ღვიძლში მეტაბოლიზდება და მისი ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება ამ ორგანოს ფერმენტების მომატებასა და ქოლესტაზურ ჰეპატიტს უკავშირდებოდეს.
ერითრომიცინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევებშიც, როცა პაციენტი თანმდევად იღებს პრეპარატებს, რომლებიც, შესაძლოა, ანტიბიოტიკთან ურთიერთქმედებაში შევიდეს. იშვიათად დაფიქსირებულა ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები, რაც დამახასიათებელია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისთვის და სიმპტომების გამოვლენისას დროულ რეაგირებას საჭიროებს.
ალერგიული რეაქციები მოიცავს კანის გამონაყარს, ეოზინოფილიას, ცხელებასა და იშვიათად — ქოლესტაზურ ჰეპატიტს, რომელიც, შესაძლოა, მწვავე ქოლეცისტიტის იმიტაციით გამოვლინდეს. ამ მდგომარეობას თან ახლავს სიყვითლე, ტრანსამინაზებისა და ბილირუბინის დონის ზრდა, რის გამოც აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და მდგომარეობის დაუყოვნებელი შეფასება ექიმის მიერ.
შესაძლო გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, დიარეა და ნაწლავის ფლორის ცვლილება. ეს ზოგჯერ სუპერინფექციებსა და სოკოვანი ინფექციების განვითარებას განაპირობებს.
მიუხედავად ამისა, ერითრომიცინის გვერდითი ეფექტები უმეტესად მსუბუქი ან გარდამავალი ხასიათისაა და ეს პრეპარატი ინფექციებთან საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
30 ივნ 2025