ზინატი — ეფექტიანი ანტიბიოტიკი სხვადასხვა სახის ინფექციებთან ბრძოლაში
10 ივნ 2025

ინფექციური დაავადებები, რომელთაც ბაქტერიული პათოგენები იწვევს, პირველი ანტიბიოტიკის შექმნიდან თითქმის საუკუნის შემდეგაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მედიცინისათვის. ისეთი ხშირ მდგომარეობებს, როგორებიც რესპირატორული სისტემის, კანისა და საშარდე გზების ინფექციებია, იწვევს ბაქტერიები და მათ, ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩენის შემთხვევაში, ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ.
ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის გამომუშავება მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს და ხაზს უსვამს სანდო და ეფექტიანი ანტიმიკრობული აგენტის მნიშვნელობას.
ერთ-ერთი ასეთი ანტიბიოტიკი ზინატია, საერთაშორისო დასახელებით Cefuroxime Axetil, რომელიც პრობლემების ეფექტიანი გადაჭრის გზას გვთავაზობს. ზინატი ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად ექიმების ერთ-ერთი ხშირი არჩევანია როგორც გრამ-დადებითი, ისე გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურების საქმეში ეფექტიანობისა და გვერდითი მოვლენების იშვიათი გამოვლენის დამსახურებით.
ზინატი II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც პერორალურად (პირის ღრუს საშუალებით) მიიღება. პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. ზინატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების უმრავლესობის მიმართ. პრეპარატის აქტიური ნივთიერება ცეფუროქსიმია, დამხმარე ნივთიერებათა შორის კი ვხვდებით პოვიდონ 30-ს, სტეარინის მჟავასა და საქაროზას.
ცეფუროქსიმი აქტიური და ეფექტიანია გრამდადებითი და გრამუარყოფითი შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Enterobacter spp., Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Streptococcus mitis (jgufi viridans), Clostridium spp., Proteus mirabilis, Proteus rettgeri, Salmonella typhi, S. typhimurium, Shigella spp., Neisseria spp. და Bordetella pertussis.
რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, ზინატის პერორალური მიღებისას, ცეფუროქსიმის აქსეტილი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცეფუროქსიმის გამოთავისუფლებით. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება შეწოვის პროცესს აჩქარებს, ამიტომ ზინატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ზინატი ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის და საშარდე გზებით, უცვლელი სახით გამოიყოფა. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-1.5 სთ-ს შეადგენს.
აფთიაქებში ხელმისაწვდომია ზინატი 250მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტების, ზინატ 500 (500მგ-იანი ტაბლეტებისა) და მარტივად მოსამზადებელი სუსპენზიის სახით. ზინატის სუსპენზიის 5მგ შეიცავს 125მგ ცეფუროქსიმს.

ზინატი გამოიყენება შემდეგი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

ზინატი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკია, ამიტომ მისი მიღებისას ფრთხილად უნდა იყოთ და აუცილებლად ყურადღებით მისდიოთ ექიმის დანიშნულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარებას შეუწყოთ ხელი.
მოზრდილებში ინფექციათა უმრავლესობისთვის, პრეპარატის ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 250 მგ-ს, 2-ჯერ დღეში. გამონაკლისებს ქვემო სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები, ლაიმის დაავადება და საშარდე გზების ინფექციები წარმოადგენენ.
ქვემო სასუნთქი გზების მძიმე ინფექციების, მაგალითად, პნევმონიის დროს, ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში. საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 125 მგ, ასევე 2-ჯერ დღეში, პიელონეფრიტის დროს — 250 მგ 2-ჯერ დღეში.
ლაიმის დაავადების დროს, მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ექიმი, როგორც წესი, ნიშნავს 500 მგ ზინატს 2-ჯერ დღეში, 20 დღის განმავლობაში.
პრეპარატის დოზები განსხვავებულია ბავშვებში მოხმარებისას. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს უმრავლესი ინფექციებისათვის ენიშნებათ საშუალოდ 125 მგ (ერთი ტაბ. 125 მგ ან 5 მლ სუსპენზია) 2-ჯერ დღეში.
ბავშვებს 2 წლის ასაკის ზევით და შუა ოტიტის დროს ენიშნებათ 250 მგ 2-ჯერ დღეში. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს. შუა ოტიტისა და მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.
ცეფუროქსიმის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 500 მგ-ს შეადგენს.

პირველ რიგში, შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა პრეპარატის გრანულებმა თავისუფლად იმოძრაონ. ამის შემდეგ, მოხსენით თავსახური და სითბური იზოლაციის მემბრანა — თუ ეს უკანასკნელი დაზიანებულია, მიმართეთ ფარმაცევტს და შეაცვლევინეთ პრეპარატი.
ამის შემდეგ, ჩაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, როგორც ეს ეტიკეტზეა მითითებული. თუ ანადუღარ წყალს იყენებთ, გააცივეთ ის ოთახის ტემპერატურამდე, სანამ სუსპენზიაში გამოიყენებთ. არ მოამზადოთ ზინატის სუსპენზია ცხელი ან თბილი სითხით, რათა სითხე ზედმეტად არ გასქელდეს.
დაახურეთ ბოთლს თავსახური და დაელოდეთ, რათა გრანულები წყლით ბოლომდე გაიჟღინთოს — ამას დაახლოებით 1 წუთი სჭირდება. ამის შემდეგ, ამოატრიალეთ ბოთლი და დაახლოებით 15 წამის განმავლობაში კარგად შეანჯღრიეთ, სანამ გრანულები წყალში გაიხსნება. შემდეგ დაიჭირეთ ბოთლი სწორად და კიდევ 1 წუთის განმავლობაში შეანჯღრიეთ, რათა პრეპარატი წყალს ბოლომდე შეერიოს.
მას შემდეგ, რაც ამ ნაბიჯებს გაივლით, შეინახეთ მიღებული ხსნარი 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე ერთი საათის განმავლობაში, პირველი დოზის მიღებამდე. ამ ტემპერატურაზე შენახული ხსნარი 10 დღის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ. ყოველი დოზის მიღების წინ, ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
ვინაიდან ზინატი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკია, ბუნებრივია, მას არაერთი გვერდითი ეფექტი ახასიათებს, თუმცა ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ — თუ პრეპარატს ექიმის დანიშნულების მიხედვით მიიღებთ, არასასიამოვნო გართულებების გამოვლენის შანსს მინიმუმამდე შეამცირებთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, სიყვითლე. სისხლმბად სისტემაში, არსებობს ჰემოლიზური ანემიის, ეოზინოფილიის, ლეიკოპენიის, ნეიტროპენიისა და თრომბოციტოპენიის განვითარების შანსი.
ასევე, მოერიდეთ ზინატის მიღებას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ, რათა არ განვითარდეს ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატის დაავადება, შედარებით იშვიათად — ანაფილაქსიური შოკი.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ზინატი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი არაა დადგენილი.
სიფრთხილე გმართებთ ზინატის მიღებისას, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ასევე, ზინატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების (Candida, Enterococci, Clostridium difficile) გაძლიერებული ზრდა, რის გამოც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მოსალოდნელია აგზნებადობა და კრუნჩხვებიც კი — ამ შემთხვევაში მკურნალობა არის სიმპტომური, თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს — ზინატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
ზინატი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ინახება 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა — 2 წელი.
არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ზინატს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ.
სხვადასხვა სახის ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა ყურადღებას მოითხოვს — ნუ გაირთულებთ მდგომარეობას, რომელსაც თანამედროვე მედიცინა შედარებით მარტივად უმკლავდება — ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი ზინატია.
10 ივნ 2025