აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რა პრობლემებს მოგიგვარებთ ტუნაზოლი? – ყველაფერი მედიკამენტის შესახებ

უკან

რა პრობლემებს მოგიგვარებთ ტუნაზოლი? – ყველაფერი მედიკამენტის შესახებ

6 აგვ 2025

ტუნაზოლი ანოტაცია

 

ტუნაზოლი ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდი და ანტიმიკოზური საშუალებაა, რომელიც ეფექტიანად ებრძვის კანის სოკოს და ანთებით პროცესებს. 

ის კომბინირებული მედიკამენტია – აერთიანებს სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებას – იზოკონაზოლის ნიტრატს და ძლიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდს – დიფლუკორტოლონის ვალერატს. ეს კომბინაცია საშუალებას იძლევა, ერთდროულად ვუმკურნალოთ როგორც ინფექციას, ისე ანთებით გამოწვეულ სიმპტომებს, როგორებიცაა ქავილი, წვა, სიწითლე და შეშუპება. 

როგორ მოქმედებს ტუნაზოლი? 

როგორც აღვნიშნეთ, ტუნაზოლი ორი აქტიური ნივთიერებისგან შედგება, რომლებიც შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა: 

  • იზოკონაზოლის ნიტრატი – იზოკონაზოლი იმიდაზოლის ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებებს მიეკუთვნება და გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით. იგი ხელს უშლის სოკოვანი უჯრედების მემბრანის სტრუქტურის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებას. ნივთიერება ეფექტიანად მოქმედებს სხვადასხვა ტიპის სოკოვანი ინფექციის, მათ შორის, კანდიდასა და დერმატოფიტების წინააღმდეგ. იზოკონაზოლი ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როცა კანის სოკოვან ინფექციას თან ახლავს მეორადი ბაქტერიული ინფექცია. 
  • დიფლუკორტოლონის ვალერატი – ეს არის ძლიერი ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ანთებას, წვას, ქავილსა და სიწითლეს. ის აინჰიბირებს ფოსფოლიპაზას, რისი მეშვეობითაც ითრგუნება ანთებითი პროცესები. პრეპარატი სწრაფად აღწევს კანში და რამდენიმე საათში ხსნის შემაწუხებელ სიმპტომებს.

რა მდგომარეობებისას ინიშნება ტუნაზოლი? 

პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების დროს:

  • ტერფის მიკოზი (ტინეა პედისი) – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექცია, რომელიც აზიანებს კანს ტერფზე და თითებს შორის სივრცეებს. დაავადება გამოიხატება ქავილით, კანის აქერცვლითა და წვრილი ბუშტუკებით. ტუნაზოლი სწრაფად ამცირებს სოკოს გავრცელებას და ხსნის ქავილსა და წვას.
  • თითებს შორის სოკოვანი ინფექცია – ამ ტიპის მიკოზი ხშირად ვითარდება ტენიანობის, ოფლიანობისა და არასაკმარისად დაცული ჰიგიენური ნორმების დროს. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია სპორტსმენებში და, ზოგადად, იმ პირებში, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ დახურული ფეხსაცმლის ტარება. ტუნაზოლი არა მხოლოდ სოკოს ებრძვის, არამედ ამცირებს კანის გაღიზიანებას და ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას.
  • საზარდულისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები – კანის სოკო ხშირად სხეულის დახშულ ადგილებში ვრცელდება, როგორებიცაა საზარდული, იღლიები და კანის ბუნებრივი ნაკეცები. მსგავს ინფექციებს ხშირად თან ახლავს ქავილი, სიწითლე და ტკივილი. ტუნაზოლის კრემი აფერხებს როგორც სოკოს განვითარებას, ისე ახდენს მეორადი ბაქტერიული ინფექციისა და ანთებითი პროცესის პრევენციას.
  • კანდიდამიკოზები – კანდიდა – სოკოების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა, რომელიც იწვევს სიწითლეს, ქავილს, კანის აქერცვლას ან თეთრ ნადებს კანზე. ტუნაზოლის კრემში შემავალი იზოკონაზოლი ეფექტურად ანადგურებს კანდიდას შტამებს, ხოლო კორტიკოსტეროიდი სწრაფად აცხრობს ანთებას და ხსნის დისკომფორტს.
  • დერმატოფიტიების მკურნალობა – დერმატოფიტები სოკოების ერთ-ერთი ტიპია, რომლებიც იკვებებიან კერატინით და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა რუბროფიტია, ტრიქოფიტია და ეპიდერმოფიტია. ეს ინფექციები ხშირად აზიანებს სხეულის სხვადასხვა უბანს, მათ შორის თავის თმიან ნაწილს. ტუნაზოლი ხელს უშლის დერმატოფიტების ზრდას და ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას.
  • ანთებითი, ეგზემატოზური სოკოვანი დაზიანებები – ზოგჯერ სოკოვან ინფექციას თან ახლავს ანთებითი პროცესი, რაც კანის ძლიერი გაწითლებით, შეშუპებით, ბუშტუკებით და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა არა მხოლოდ სოკოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ანთების დაქვეითება. ტუნაზოლის კრემის სტეროიდული კომპონენტი – დიფლუკორტოლონი სწრაფად ამცირებს ანთებას, ხოლო იზოკონაზოლი ეფექტიანად ანადგურებს ინფექციის გამომწვევ სოკოს.

ტუნაზოლი კრემი

როგორ გამოიყენება ტუნაზოლის კრემი? 

ტუნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. კრემი თხელ ფენად უნდა წაისვათ დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან ორჯერ. სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად, სასურველია, მკურნალობა მინიმუმ 2 კვირა გაგრძელდეს. 

როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

ტუნაზოლი, ზოგადად, იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდეს: 

  • ქავილი, წვა ან გაღიზიანება წასმის ადგილას
  • ხანგრძლივი გამოყენებისას ან მისი ფართო უბანზე წასმისას შეიძლება აღინიშნოს კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, აკნესმაგვარი გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია, კანის გამოშრობა და ჩახურებები

აღსანიშნავია, რომ დიდი უბნების მკურნალობისას (სხეულის 10%-ზე მეტი) ან ხანგრძლივი გამოყენებისას (4 კვირაზე მეტი) იზრდება სისტემური გვერდითი მოვლენების რისკი, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვნების შემთხვევაში. ამიტომ მისი გამოყენება ჩვილებსა და 4 წლამდე ასაკის ბავშვებში 3 კვირაზე მეტ ხანს არ არის მიზანშეწონილი. 

ტუნაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. უკუნაჩვენებია ტუბერკულოზის, სამკურნალო უბნებზე ჰერპესული ინფექციების ან ვარიცელას დროს, ასევე, ვირუსის ვაქცინის გამოყენებისას. 

შეიძლება თუ არა ტუნაზოლის გამოყენება ორსულობა-ლაქტაციის პერიოდში

ტუნაზოლის კრემის ეფექტი ორსულებში კარგად შესწავლილი არ არის. მიუხედავად ამისა, იგი მაინც შეიძლება დაინიშნოს ექიმის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ ამ დროს მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

ტუნაზოლის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიიღეთ დამატებითი მითითებები მედიკამენტის დოზასა და მოხმარების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

6 აგვ 2025