ტერაფლექსი ძვლების ჯანმრთელობისთვის: როდის გამოიყენება, როგორ მივიღოთ და სხვა დეტალები
30 ოქტ 2025

ძვლოვანი სისტემის გამართული მუშაობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ფუნქციონირებისთვის. მეორე მხრივ, სხვადასხვა სახის ტრავმა თუ პათოლოგიური მდგომარეობა არცთუ იშვიათად აზიანებს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას.
პრობლემის შესაბამისად მიდგომებიც სხვადასხვანაირია. ზოგჯერ ექიმები მედიკამენტურ მკურნალობას უწევენ რეკომენდაციას, ასეთ დროს გამოყენებული ერთ-ერთი პრეპარატი კი ტერაფლექსია. მოქმედი ნივთიერებების სახით ეს წამალი გლუკოზამინის ჰიდროქლორიდსა და ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატს შეიცავს. ეს კომპონენტები ხრტილის აღდგენას უწყობს ხელს და ანთებასა თუ ტკივილს ამცირებს. მათი კომბინაცია უფრო ძლიერ, ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.
ეს წამალი ურეცეპტოდ გაიცემა. იგი კაფსულების ფორმით არის ხელმისაწვდომი (ბაზარზე არ გვხვდება ტერაფლექსის აბები). პრეპარატი აფთიაქებში რამდენიმე სახელით შეგხვდებათ, თითოეული კი ერთმანეთისგან შედგენილობითა და წარმოებით განსხვავდება. ესენია: ტერაფლექსი, ტერაფლექსი ადვანსი, ტერაფლექსი პლუსი და ტერაფლექსი ფორტე (ანუ ტერაფლექსის მალამო).
ტერაფლექსი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშიც არის ხელმისაწვდომი. მოდით, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ, როდის ან როგორ გამოიყენება ეს წამალი და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს; ბოლოს ტერაფლექსის ფასის შესახებაც გავიგოთ.
ეს წამალი ძვლების პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. უფრო ზუსტად, მისი ჩვენებებია: პირველადი ან მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი, მხარ-ბეჭის ან ხერხემლის პერიართრიტი, მუხლზედა ქონდრომალაცია; მოტეხილობები (რათა შეხორცება დააჩქაროს) და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.
პრეპარატი მხოლოდ 12 წელს ზემოთ ასაკში მიიღება; იგი ხანდაზმული პაციენტებისთვისაც არის რეკომენდებული, თუმცა არ გამოიყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში. ხშირად ეს წამალი კომპლექსური მკურნალობის ფარგლებში გამოიყენება სხვა საშუალებებთან ერთად.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. ტერაფლექსისა და ტერაფლექსი პლუსის უკუჩვენებებია: ალერგია პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ და ფენილკეტონურია. ტერაფლექსი ადვანსი, გარდა ამ შემთხვევებისა, არც მაშინ უნდა მიიღოთ, თუ გაქვთ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (გამწვავების პერიოდში), მხედველობის ნერვის დაავადებები, სისხლწარმოქმნის პრობლემები, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლისა და თირკმლების მძიმე დაავადებები, ასევე “ასპირინული ასთმა” (ასთმის შეტევა ასპირინის ან იმავე ჯგუფის სხვა პრეპარატის მიღების შემდეგ).
პრობლემების პრევენციისათვის, შესაძლოა, ექიმმა ამ პრეპარატის დანიშვნამდე გამოკვლევების ჩატარება გირჩიოთ. გახსოვდეთ, რომ ტერაფლექსი ზოგიერთ მედიკამენტთან ურთიერთქმედებს, ამიტომ ექიმს დეტალურად გააცანით ყველა პრეპარატი, რომლებსაც იღებთ ან ახლო წარსულში მიგიღიათ.
გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ. ამასთანავე, მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება არასასურველია.

ტერაფლექსი და ტერაფლექსი პლუსი ანალოგიური დოზებით შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს. შესაბამისად, ისინი ერთნაირი წესით მიიღება. მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში პირველი სამი კვირა თითო კაფსული მიიღება დღე-ღამეში 3-ჯერ; მომდევნო დღეებში პაციენტმა თითო კაფსული უნდა მიიღოს დღეში-ღამეში 2-ჯერ. მკურნალობა, როგორც წესი, 2 თვის განმავლობაში გრძელდება. კურსი 3-თვიანი ინტერვალებით მეორდება, თუ ექიმი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.
ტერაფლექსი ადვანსი იბუპროფენსაც შეიცავს, გარდა სხვა რაოდენობით ორი ზემოაღნიშნული კომპონენტისა. შესაბამისად, მისი გამოყენების წესი და დოზირება განსხვავებულია. პრეპარატის 2 კაფსული მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდებში დღეში 2-3-ჯერ მიიღება. ეს ჭამის შემდეგ უნდა გააკეთოთ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. ტერაფლექსი ადვანსი 20 დღეზე დიდხანს არ უნდა გამოიყენოთ. თუკი ეს დაგჭირდებათ, ექიმთან აუცილებლად უნდა შეათანხმოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტერაფლექსი მალამოს ფორმითაც არის ხელმისაწვდომი. იგი კანზე უნდა დაიტანოთ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. კრემის ზოლის სიგრძე 1-5 სანტიმეტრი უნდა იყოს. რაოდენობა შესაბამისი ზონის სიდიდეზეა დამოკიდებული. პრეპარატის წასმის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ. მკურნალობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გაწუხებთ და რამდენად ეფექტიანია მალამო. საჭიროა, რომ 2-კვირიანი გამოყენების შემდეგ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

სხვა ნებისმიერი წამლის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ტერაფლექსმაც გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების ან რომელიმე კომპონენტისადმი ალერგიის დროს არის მოსალოდნელი.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, ფაღარათი, შეკრულობა, ალერგიული გამოვლინებები. შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და თავბრუსხვევაც. ეს სიმპტომები, წესით, მალევე გაქრება, როცა წამლის მიღებას შეწყვეტთ.
იმ შემთხვევაში, თუკი გვერდითი მოვლენები ძალიან შეგაწუხებთ ან უჩვეულო სიმპტომები გამოგივლინდებათ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
ტერაფლექსის ფასი არაერთ დეტალზეა დამოკიდებული, იქნება ეს სააფთიაქო ქსელები, სააქციო პერიოდები თუ თავად პრეპარატის ფორმა და შემცველობა. მაგალითად, ტერაფლექსი ადვანსი ფასით მისი სტანდარტული ფორმისგან მცირედით განსხვავებულია. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტერაფლექსი 120 და 60-კაფსულიანი შეფუთვებით არის ხელმისაწვდომი.
რა ფორმითაც არ უნდა შეიძინოთ, პრეპარატი ნებისმიერ შემთხვევაში მშრალ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შეინახოთ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. უმჯობესია, ვარგისიანობის ვადა შეფუთვაზე გადაამოწმოთ — ეს დრო პრეპარატის ფორმების მიხედვით განსხვავებულია.
30 ოქტ 2025