აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფლუდიტეკი — სიროფი ბრონქების ჯანმრთელობისთვის

უკან

ფლუდიტეკი — სიროფი ბრონქების ჯანმრთელობისთვის

6 ივლ 2025

ფლუდიტეკი.png - ფლუდიტეკი ფასი

ფლუდიტეკი თანამედროვე მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც რესპირატორული დაავადებების დროს ხშირად ინიშნება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ის განეკუთვნება იმ ჯგუფის მედიკამენტებს, რომლებიც ბრონქული სეკრეტის სიბლანტეს არეგულირებს და ნახველის გათხელება-ამოღებას უწყობს ხელს. 

მისი აქტიური ნივთიერება — კარბოცისტეინი — ლორწოვან გარსზე ფიზიოლოგიურ დონეზე მოქმედებს, კერძოდ ის ლორწოს სტრუქტურას აღადგენს. ფლუდიტეკის სიროფი ორი დოზითაა ხელმისაწვდომი: ფლუდიტეკი 2%, რომელიც ბავშვებისა და ჩვილებისთვისაა განკუთვნილია;  ფლუდიტეკი 5%, რომელიც მოზრდილებში ინიშნება.

რა განსხვავებაა 2 და 5-პროცენტიან სიროფებს შორის 

სიროფის ორივე ფორმა გამჭვირვალე სითხის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ისინი განსხვავდება როგორც შეფერილობით, ისე არომატით. მაგალითად, ფლუდიტეკი 2% ნარინჯისფერი ფერითა და ბანანის არომატით გამოირჩევა, რაც პატარა ბავშვებისთვის მისი მიღების პროცესს ამარტივებს. ფლუდიტეკი 5% ღია მწვანე, ოდნავ ყავისფერი, შეფერილობისაა და კარამელის სურნელით გამოირჩევა. 

სიროფების ძირითადი სხვაობა დოზირებაშია: საბავშვო ფორმა ყოველ 100 მლ-ზე 2 გ. კარბოცისტეინს შეიცავს, ხოლო მოზრდილებისთვის განკუთვნილი სიროფი — 5 გ-ს ამავე მოცულობაზე. ორივე სიროფში დამხმარე ნივთიერებები იდენტურია, თუმცა სხვადასხვა არომატული და საღებავი კომპონენტებით.

როდის გამოიყენება ფლუდიტეკი და რა შემთხვევებში უნდა ვერიდოთ მას

ფლუდიტეკი საბავშვო დოზებით, რა თქმა უნდა, პატარებში გამოიყენება — დაწყებული ერთი თვის ასაკიდან. იგი იმ შემთხვევებში ინიშნება, როდესაც სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს თან ახლავს ბლანტი, რთულად ამოსახველებელი ნახველის გამოყოფა. 

მისი მოქმედება ისეთ მდგომარეობებზეც ვრცელდება, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ტრაქეობრონქიტი და ბრონქოექტაზიური დაავადება. გარდა სასუნთქი სისტემისა, პრეპარატი ასევე გამოიყენება მაშინაც, როცა ლორწოვანი სეკრეტის დაგროვება აღინიშნება შუა ყურში, ცხვირში ან მისი დანამატებში — მაგალითად ოტიტის, რინიტის ან სინუსიტის დროს. ზოგჯერ ფლუდიტეკი ინიშნება ისეთი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებამდეც, როგორიც ბრონქოსკოპია ან ბრონქოგრაფიაა, რათა ბრონქული გზები ლორწოსგან წინასწარ გაიწმინდოს.

მიუხედავად ეფექტიანობისა, ფლუდიტეკის სიროფი (5 ან  2-პროცენტიანი) გარკვეულ კლინიკურ მდგომარეობებში არ არის რეკომენდებული. მისი გამოყენება დაუშვებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების ფონზე; ასევე იმ პაციენტებში, ვისაც ცისტიტი ან ქრონიკული გლომერულონეფრიტის გამწვავება აწუხებთ. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოზრდილთა დოზა 15 წლამდე ასაკის პირებში არ გამოიყენება, ხოლო ფლუდიტეკის სიროფი 2%-იანი დოზით — ჩვილებში 1 თვის ასაკამდე. ორსულობის პირველი ტრიმესტრი კიდევ ერთი უკუჩვენებაა. რაც შეეხება მეორე და მესამე ტრიმესტრს ან ლაქტაციის პერიოდს, აქ ფლუდიტეკის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილითა და მკაცრი სამედიცინო კონტროლით.

 

ფლუდიტეკი მიღების წესი

როგორ მოქმედებს პრეპარატი

ფლუდიტეკის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მის უნარს, გაააქტიუროს ბრონქების ლორწოვანი გარსის ფერმენტი — სიალოტრანსფერაზა. სწორედ ამ მექანიზმის მეშვეობით აღდგება ნახველის ფიზიკური თვისებები: მისი სიბლანტე მცირდება და ელასტიკურობა მატულობს, რაც სეკრეტის ამოსვლას საგრძნობლად აადვილებს. კარბოცისტეინი ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და აუმჯობესებს წამწამოვანი ეპითელის მოქმედებას, რომელიც მუკოცილიარული კლირენსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

ამასთანავე, ფლუდიტეკი იმუნოლოგიურად აქტიური IgA-ს სეკრეციას ზრდის, რაც ადგილობრივ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს და ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვით მექანიზმებსაც აძლიერებს.

რაც შეეხება ფარმაკოკინეტიკას, კარბოცისტეინი სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას მიღებიდან დაახლოებით 2-3 საათში აღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი თერაპიული დონე სასუნთქი გზების ლორწოვანში მინიმუმ 8 საათის განმავლობაშია შენარჩუნებული, რაც დღეში რამდენიმე დოზით ეფექტიან მკურნალობას განაპირობებს. ნივთიერება ძირითადად შარდით გამოიდევნება, ანუ ორგანიზმიდან ბუნებრივად და სწრაფად გამოიყოფა.

ფლუდიტეკის მიღების წესი სხვადასხვა ასაკში

ფლუდიტეკის სიროფის დოზირება პაციენტის ასაკისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. 

ფლუდიტეკი ბავშვის დოზებით თითოეული ჩაის კოვზი (5 მლ) მოცულობით 100 მგ. კარბოცისტეინს შეიცავს. შესაბამისად, ერთი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი დღეში ერთხელ ერთი ჩაის კოვზის ოდენობით მიიღება; ორიდან ხუთ წლამდე ასაკში სიროფი დღეში ორჯერ იმავე დოზით ინიშნება; ხუთი წლის ან მეტი ასაკის პატარებში ფლუდიტეკი დღეში სამჯერ მიიღება, თითო ჯერზე ერთ ჩაის კოვზი. 

რა თქმა უნდა, ფლუდიტეკის სიროფი საბავშვო დოზებით მოზრდილებისას ჩამოუვარდება. 5%-იანი ფორმით ერთი სადილის კოვზი (15 მლ) პრეპარატი 750 მგ. კარბოცისტეინს შეიცავს. ჩვეულებრივ, ზრდასრულ პაციენტებში ის დღეში სამჯერ მიიღება, ჭამამდე ან ჭამიდან ორ საათში. არცერთი ფორმა არ უნდა გამოიყენოთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე 8-10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკურ სურათზეა დამოკიდებული, თუმცა თვითნებური გახანგრძლივება რეკომენდებული არაა.

თუ პაციენტმა ფლუდიტეკის ჭარბი დოზა მიიღო, შესაძლოა, ისეთი სიმპტომები გამოვლინდეს, როგორიცაა: გულისრევა, დიარეა ან კუჭის არეში ტკივილი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა. ასევე, ფლუდიტეკი გლუკოკორტიკოსტეროიდული და ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტიანობას ზრდის და ტეოფილინის ბრონქოლიზურ თვისებებს აძლიერებს. მასთან ერთად ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების ან ატროპინის მსგავსი ნივთიერებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ეს კარბოცისტეინის მუკოლიზურ მოქმედებას ამცირებს.

გვერდითი ეფექტები და სხვა დეტალები 

ფლუდიტეკის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები, რაც ინდივიდუალურ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება ან დიარეა, იშვიათ შემთხვევებში კი — კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენაც. აღრიცხულია ცალკეული ალერგიული რეაქციებიც: ქავილი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება. ზოგჯერ პაციენტს თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე აწუხებს, თუმცა ეს მოვლენები ხშირი არ არის.

ფლუდიტეკი 2% ფორმით თითო ჩაის კოვზში 3.5 გ. ოდენობით საქაროზას შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის მქონე ან დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის. ფლუდიტეკი 5%-ის შემთხვევაში საქაროზას შემცველობა სადილის კოვზში 5.25 გ-ია და ისიც ყურადღებას საჭიროებს.

ორივე სიროფი ძირითადად 125 მლ. მოცულობის გამჭვირვალე მინის ფლაკონშია მოთავსებული, რომელიც პლასტმასის ხრახნიანი ხუფითაა დაცული. ფლუდიტეკი ტაბლეტის სახით არ გვხვდება.

ფლუდიტეკის შენახვა რეკომენდებულია მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტემპერატურა 25°C-ს არ უნდა აღემატებოდეს. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ორ წელს შეადგენს.

6 ივლ 2025