აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ცეფილონი — ეფექტიანი პრეპარატი ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად

უკან

ცეფილონი — ეფექტიანი პრეპარატი ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად

8 ივლ 2025

ცეფილონი 400მგ

ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში ყურადღების მოდუნება არ შეიძლება — მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, კონკრეტული ჩვენება მარტივი გეჩვენოთ, შესაძლოა უყურადღებობამ სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებამდე მიგიყვანოთ. სწორედ ამიტომ, მედიცინა მუდმივად აუმჯობესებს და ამრავალფეროვნებს ანტიბიოტიკებს, რომლებიც ამ ინფექციებთან ბრძოლისთვისაა განკუთვნილი. 

ერთ-ერთი სანდო და ეფექტიანი პრეპარატი თანამედროვე მედიცინის არსენალში ცეფილონია, რომელმაც დროთა განმავლობაში, მოქმედების ფართო სპექტრის დამსახურებით, ექიმების ნდობა დაიმსახურა. 

რა არის ცეფილონი — ანოტაცია 

ცეფილონი ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომლის ერთი 400მგ-იანი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეფიქსიმის ტრიჰიდრატს, ხოლო დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით მიკროკრისტალურ ცელულოზას, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატ დიჰიდრატს, ნატრიუმის ლაურილ სულფატს, მაგნიუმის სტეარატს, ჰიპერმელოზა 5cP-ს, ტიტანის დიოქსიდსა და მაკროგოლს.

ცეფილონი გამოიყენება მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

 

  • ფარინგიტი და ლარინგიტი (ყელისა და ნუშისებრი ჯირკვლების ანთება): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციების გამომწვევია ბაქტერია Streptococcus pyogenes; 
  • მწვავე შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis ან Streptococcus pyogenes, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს პენიცილინი;
  • სინუსიტი (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება): ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis, რომლებზეც ზეგავლენას ახდენს პენიცილინი;
  • ქვედა სასუნთქი გზების ბრონქიტი, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Streptococcus pneumoniae, Moraxella catarrhalis ან Haemophilus influenzae;
  • მწვავე გაურთულებელი ცისტიტი და ურეთრიტი (შარდის ბუშტის ბოლო ნაწილის და შარდსადენი მილის ანთება), ისეთ შემთხვევებში, როდესც ინფექციის გამომწვევია სპეციფიკური ბაქტერიები Escherichia coli, Proteus mirabilis ან Klebsiella;
  • გაურთულებელი გონორეა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია).

რაც შეეხება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკას, პერორალური (პირის ღრუს საშუალებით) მიღების შემდეგ, ცეფიქსიმის შეწოვის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს საკვები და პრეპარატი იოლად შეიწოვება. ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი.

არ დასტურდება მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ შრატსა და შარდში ცეფიქსიმის დაგროვების ფაქტი. აბსორბირებული დოზის 50% უცვლელი სახით გამოიდევნება შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. დოზის 10% ექსკრეტირდება ნაღველში. ცეფიქსიმის 65% უკავშირდება შრატისმიერ პროტეინებს, ხოლო შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოზრდილებში შეადგენს 3-4 საათს. ცეფიქსიმის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა გამოიდევნება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. 

 

ცეფილონი მიღება

როგორია ცეფილონის მიღების წესი 

ცეფილონი ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკია, ამიტომ მისი თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული — მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენა. 

როგორც წესი, მიიღება დღეში ერთი ტაბლეტი ცეფილონი — დღიური დოზის მიღება შესაძლებელია 2 თანაბარ ნაწილადაც. ცეფილონი მიიღება პერორალურად, სითხის მიყოლებით. მცირეწლოვან ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 8 მგ/კგ დღეში რომელიც მიიღება ერთხელ ან ორი გაყოფილი დოზით, თუმცა არსებობს ცეფილონის სუსპენზიაც, რომელიც 6 წლიდან ბავშვებში გამოიყენება — შესაბამისად, სანამ ბავშვის აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან. 

პრეპარატი მიიღება კვების დროს ან მის შემდეგ მალევე.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღება უსაფრთხოა, თუ არ არის გამოვლენილი თირკმლის უკმარისობა, რადგან, როგორც აღინიშნა, ასაკი ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს. თირკმლის სერიოზული დისფუნქციის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოს ექიმმა უნდა მიიღოს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან არ არსებობს ინფორმაცია ცეფილონის ასეთ პაციენტებში გამოყენების შესახებ. 

თუ დაგავიწყდათ ცეფილონის დოზის მიღება, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით, რადგან ასეთ დროს, შესაძლოა ზედოზირებასთან დაკავშირებული არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს — მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

პრეპარატის გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები  

როგორც ნებისმიერ პრეპარატის, ისე ცეფილონის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების გამოვლენა არ არის გამორიცხული. მიუხედავად ამისა, ჩამონათვალმა არ უნდა შეგაშინოთ, რადგან დიდწილად, სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად და რა სიმძიმით გამოვლინდება აღნიშნული არასასიამოვნო გვერდითი მოვლენები — თუ ცეფილონის გამოყენების დაწყებამდე მიმართავთ ექიმს და შემდეგ მის მითითებებს ზედმიწევნით დაიცავთ, ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანთ. 


პირველ რიგში, ნუ მიიღებთ ცეფალონს, თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ — თუკი პრეპარატის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ, შესაძლოა, დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

შედარებით ხშირად (საშუალოდ, 10-დან 1 პაციენტში) ვლინდება კუჭის სისავსე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი და მადის დაკარგვა. საშუალოდ, 100-დან 1 პაციენტს უვითარდება ალერგიული გამონაყარი კანზე, ღვიძლის ფერმენტების მატება და სიყვითლე. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად შესაძლოა აღინიშნოს ზეგავლენა სისხლის შედედების პერიოდზე და შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ისეთ პაციენტებში, რომლებიც გადიან კოაგულაციურ მკურნალობას. უიშვიათეს შემთხვევებში, შესაძლოა გამოვლინდეს ნაწლავის ანთებაც, რომელსაც ფსევდომემბრანული კოლიტი ახასიათებს. 

თუ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოგივლინდებათ, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. 

გარდა ამისა, თუ წარსულში გაწუხებდათ კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ინფექცია), ან ამჟამად განიცდით თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ცეფილონი არ უნდა მიიღოთ ექიმის შესაბამისი დანიშნულების გარეშე.

რაც შეეხება ორსულობასა და ლაქტაციას, მოერიდეთ ცეფილონის მიღებას ორსულობის პერიოდში, თუ ამ გადაწყვეტილებას რისკების შეფასების შემდეგ ექიმი არ მიიღებს. ცეფილონი არ ხვდება დედის რძეში, თუმცა კვლევითი გამოცდილება ამ მიმართულებით მწირია, ამიტომ პროფესიონალთან კონსულტაციის გარეშე დედებმა, რომლებიც შვილს ძუძუთი კვებავენ, პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე პირდაპირი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა თავად დაავადებამ ან ცეფიქსიმის გარკვეულმა გვერდითმა ეფექტებმა, შესაძლოა, იმოქმედონ ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ცეფილონით მკურნალობის დაწყებამდე, თუ პარალელურად შემდეგ პრეპარატებს იღებთ: 

  • კარბამაზეპინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს) — ცეფილონი ზრდის აღნიშნული პრეპარატის დონეს სისხლში;
  • პრობენეციდი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ნიკრისის ქარის სამკურნალოდ);
  • ანტიკოაგულანტები, როგორიც არის ვარფარინი (სისხლის გამათხელებელი).

ცეფილონი პრეპარატი

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები 

ცეფილონი აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა. მედიკამენტი შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეფუთვაზე აღნიშნული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც — ნუ გადააგდებთ ცეფილონს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ნუ მისცემთ ბაქტერიულ ინფექციებს უფლებას, თქვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ — მიიღეთ ცეფილონი და გაეცით საკადრისი პასუხი თითოეულ მავნე მიკროორგანიზმს. 



8 ივლ 2025