აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნიუკლავი ინფექციების წინააღმდეგ — რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატზე

უკან

ნიუკლავი ინფექციების წინააღმდეგ — რა უნდა ვიცოდეთ ამ პრეპარატზე

8 აგვ 2025

ნიუკლავი ფასი

 

ბაქტერიული ინფექციები თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად რჩება. მათთან გასამკლავებლად ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები იქმნება, რომელთა დახმარებითაც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიის განადგურება შესაძლებელი ხდება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ნიუკლავი, რომელიც სუსპენზიისა და ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. იგი განკუთვნილია როგორც ბავშვების, ისე მოზრდილების სამკურნალოდ.

ნიუკლავის ანოტაცია: გამოყენების ჩვენებები და მოქმედება

ნიუკლავი ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს მიზანმიმართულად ანადგურებს. მისი მოქმედება ორ აქტიურ ნივთიერებას ეფუძნება: ამოქსიცილინსა და კლავულანის მჟავას. ამოქსიცილინი არის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკი, რომელიც პენიცილინის ჯგუფს მიეკუთვნება და სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. 

ზოგიერთ შემთხვევაში ბაქტერიებს უნარი აქვთ, გამოიმუშაონ ენზიმები (ბეტა-ლაქტამაზები), რომლებიც ამოქსიცილინს ანეიტრალებს. შედეგად პრეპარატის ეფექტიანობა იკარგება, მაგრამ ამ მექანიზმის საწინააღმდეგოდ კლავულანის მჟავა მუშაობს. ის ბეტა-ლაქტამაზებს ბლოკავს და ამოქსიცილინის მოქმედების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ნიუკლავის სუსპენზია და ტაბლეტები სხვადასხვა ინფექციასთან საბრძოლველად გამოიყენება, მათ შორის:

  • სასუნთქი გზების ინფექციები — შუა ყურის (ოტიტი), სინუსებისა (სინუსიტი) და ფილტვების ან ბრონქების ინფექციები;

  • საშარდე გზების ინფექციები,  როგორიცაა ცისტიტი ან პიელონეფრიტი;

  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის პირის ღრუში ( როგორიცაა აბსცესი, პერიოდონტიტი და სხვა);

  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები.

გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდაა განკუთვნილი, ამიტომ არ ზემოქმედებს ისეთ ვირუსულ დაავადებებზე, როგორიც გრიპი ან გაციებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ანტიბიოტიკები უალტერნატივო იარაღია, მათი არასწორი ან გადამეტებული გამოყენება სერიოზულ პრობლემას იწვევს — ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიები იძენენ უნარს, ანტიბიოტიკის ზემოქმედებას გადაურჩნენ, რაც მკურნალობას უშედეგოს ხდის.

რეზისტენტობის განვითარების რისკის შესამცირებლად ანტიბიოტიკების გონივრული და სამედიცინო მითითების შესაბამისად გამოყენება მნიშვნელოვანია. ამისთვის:

  • მიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დანიშნულია — განსაზღვრული დოზით, საჭირო სიხშირითა და მკურნალობის სრული კურსით. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თვითნებურად, სიმპტომების შემსუბუქებისთანავე;

  • არ დაიწყოთ ანტიბიოტიკის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე — პრეპარატი კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ შეიძლება არაეფექტიანი იყოს ან არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

  • არ გამოიყენოთ სხვებისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი — ინფექციების ბუნება ინდივიდუალურია, შესაბამისად საჭიროა მხოლოდ პროფესიონალის მიერ შერჩეული მკურნალობა.

  • არ გადასცეთ თქვენთვის გამოწერილი ანტიბიოტიკი სხვას, თუნდაც მათაც მსგავსი სიმპტომები ჰქონდეთ — თვითნებური მიღება არაეფექტიანია და საფრთხის შემცველიც კი.

ნიუკლავის ინსტრუქცია: დოზირება და მიღების წესი

ნიუკლავის 1000 მგ. ტაბლეტების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და მის მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს მიჰყევით.

ნიუკლავის ტაბლეტის რეკომენდებული დოზები მოზრდილებსა და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში დღეში ორ ან სამ აბს მოიცავს (დიდი დოზის შემთხვევაში). ყოველი მიღება სასურველია კვების დაწყებისას ან მის წინ, ერთ ჭიქა წყალთან ერთად. დოზებს შორის რეკომენდებულია სულ მცირე 4-საათიანი ინტერვალი. მკურნალობა 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს.

40 კგ-ზე ნაკლები წონისა და 6 წლამდე ბავშვებში უპირატესობა ნიუკლავის სუსპენზიას ენიჭება. ამ ასაკობრივ ჯგუფში აბებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, ხოლო 25 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში ტაბლეტებით მკურნალობა დაუშვებელია.

ნიუკლავის 457 მგ. სუსპენზიის დოზა ბავშვებისთვის სხეულის წონის მიხედვით განისაზღვრება:

სტანდარტული დოზაა დღეში ორ მიღებად დაყოფილი 25მგ/3.6მგ-დან 45მგ/6.4მგ-მდე პრეპარატი სხეულის თითო კილოგრამ წონაზე. დიდი დოზა ერთ კილოგრამზე 70მგ/10მგ-ია, რომელიც ასევე ორ მიღებად ნაწილდება.

ნიუკლავის (457) ანოტაციაში ნათქვამია, რომ ბავშვმა პრეპარატი კვების დაწყებისას ან მანამდე უნდა მიიღოს. ყოველი მიღების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს, რათა ერთგვაროვანი სითხე მიიღოთ.

ნიუკლავის ორივე ფორმის გამოყენების შემთხვევაში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას დოზის კორექტირებაა საჭირო. ღვიძლის დაავადებებისას შეიძლება მისი ფუნქციის ხშირი მონიტორინგი გახდეს საჭირო, რაც სისხლის ანალიზებს გულისხმობს. შესაბამის რეჟიმს მკურნალი ექიმი განსაზღვრავს.

ნიუკლავის ტაბლეტების ან სუსპენზიის მიღებისას გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე უნდა დალიოთ, ხოლო შემდეგი დოზა — არაუმეტეს 4 საათში. კომპენსაციის მიზნით გაორმაგებული დოზა დაუშვებელია. დოზის გადაჭარბებისას, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის პრობლემა ან, იშვიათად, კონვულსიები გამოვლინდეს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

ნიუკლავის მიღება არ უნდა შეწყდეს თვითნებურად, თუნდაც სიმპტომების გაქრობის შემდეგ. მკურნალობის კურსის დაუსრულებლობამ შეიძლება ინფექციის რეციდივი გამოიწვიოს.

 

ნიუკლავი სუსპენზია ფასი

უკუჩვენებები — როდის არ მიიღება ნიუკლავი

ნიუკლავის მიღება არ შეიძლება, თუ:

  • გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან ნიუკლავის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

  • წარსულში გქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია რომელიმე სხვა ანტიბიოტიკის მიმართ (მაგალითად, კანზე გამონაყარი ან სახისა და ყელის შეშუპება);

  • გადატანილი გაქვთ ღვიძლის დარღვევები ან სიყვითლე, რაც ანტიბიოტიკების მიღებას ემთხვეოდა.

ნიუკლავის მიღების დაწყებამდე ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, თუ:

  • გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი;

  • თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებთან დაკავშირებით ჩატარებული გაქვთ მკურნალობა;

  • გაწუხებთ შარდვის დარღვევა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ზემოაღნიშნული მდგომარეობები, ნიუკლავის მიღებამდე სამედიცინო რჩევისთვის აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციის გამომწვევის დასადგენად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ბაქტერიული ანალიზი, რაც შესაბამისი დოზის ან სხვა ანტიბიოტიკის შერჩევას შეუწყობს ხელს.

ნიუკლავის მიღებამ, შესაძლოა, სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგი შეცვალოს. მაგალითად: ღვიძლის ფუნქციის, სისხლის წითელი უჯრედების ან შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს. შესაბამისად, ტესტირებამდე აცნობეთ ექიმს, რომ ამ პრეპარატს იღებთ.

როგორ მოქმედებს პრეპარატი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად 

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გეგმავთ, ახლა იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას (მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულ მედიკამენტებს). განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

  • ალოპურინოლთნ (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) ერთდროული მიღებისას იზრდება კანის ალერგიული რეაქციის რისკი;

  • პრობენეციდის მიღებისას (ასევე პოდაგრის სამკურნალოდ) შეიძლება საჭირო გახდეს ნიუკლავის დოზის კორექტირება;

  • ანტიკოაგულანტებთან (მაგ. ვარფარინი) ერთად მიღებისას საჭიროა სისხლის დოზის კონტროლი;

  • მეთოტრექსატთან (გამოიყენება კიბოსა და რევმატული დაავადებების დროს) კომბინაციამ, შესაძლოა, მისი მოქმედება გააძლიეროს;

  • მიკოფენოლატ მოფეტილთან ერთად მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის ეფექტიანობაზე.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები პრეპარატ ნიუკლავის მიღებისას 

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ნიუკლავის მიღებამდე სამედიცინო კონსულტაცია აუცილებელია. ნიუკლავმა შეიძლება ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, რომლებიც ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისგან ან ტექნიკასთან მუშაობისგან, თუ თავს კარგად არ გრძნობთ.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მსგავსად, ნიუკლავმაც შეიძლება არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა მსუბუქია და მკურნალობის შეწყვეტის გარეშეც ქრება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის დაუყოვნებლივი ჩარევაა აუცილებელი. განსაკუთრებული სიფრთხილე ალერგიის, ნაწლავის ანთების, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის ცვლილებებისა და კანის რეაქციების განვითარების რისკის გამოა საჭირო.

  • ალერგიული რეაქციები: ნიუკლავის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ფორმის ჰიპერმგრძნობელობა. ასეთია კანზე გამონაყარი, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), სახსრების ტკივილი, ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება და ანგიოედემა, რაც ხშირად სახის ან პირის ღრუს შეშუპებასა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. იშვიათად ვითარდება მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი), რაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მსგავსი რეაქციების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნიუკლავის მიღება და მიმართოთ ექიმს.

  • მსხვილი ნაწლავის ანთება: ერთ-ერთი გართულება, რომელიც ანტიბიოტიკებთანაა დაკავშირებული (მათ შორის ნიუკლავთან), მსხვილი ნაწლავის ანთებაა (კოლიტი). ეს მდგომარეობა ხასიათდება მუცლის ტკივილით, დიარეით (შესაძლოა, სისხლითა და ლორწოთი), მაღალი ტემპერატურით. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაშიც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

  • ხშირი და არახშირი გვერდითი ეფექტები: ძალიან ხშირად (10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) ვლინდება დიარეა, განსაკუთრებით მოზრდილებში. ხშირად აღინიშნება კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია), ღებინების შეგრძნება ან ღებინება, განსაკუთრებით მაღალი დოზებისას. არახშირად (100-დან 1 პაციენტში) შეიძლება განვითარდეს კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (დისპეფსია), თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. ანალიზებში, შესაძლოა, გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

  • იშვიათი და უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები: იშვიათად (1000-დან 1 პაციენტში) შეიძლება გაჩნდეს ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს აქერცვლა (მულტიფორმული ერითემა). ასევე იშვიათად ფიქსირდება სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

    უცნობი სიხშირით (საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო) ვითარდება ისეთი სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე კანის აქერცვლა), ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი და ეგზანთემატოზური პუსტულოზი. ასევე აღინიშნება DRESS სინდრომი, რომელიც მოიცავს გამონაყარს, ცხელებას, ლიმფური კვანძების გადიდებას და სისხლის ფორმულაში ცვლილებებს (ეოზინოფილია, ღვიძლის ფერმენტების მომატება). ამასთან ერთად, შესაძლებელია ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), სიყვითლე ბილირუბინის დონის მომატების ფონზე, თირკმლის პიელონეფრიტი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით დიდი დოზებით ან თირკმლის პრობლემებისას მიღებისას), ენის შეფერვა შავად, ანემია (ჰემოლიზური) და შარდში კრისტალების გამოჩენა.

ნიუკლავი, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგებზე. შესაბამისად, აუცილებელია, ექიმს ან ექთანს წინასწარ აცნობოთ, რომ აღნიშნულ პრეპარატს იღებთ, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის, სისხლის შედედების ან შარდში გლუკოზის განსაზღვრის დაგეგმვისას.

ნიუკლავი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის განკუთვნილი ფორმით. ნიუკლავის ფასი სუსპენზიის შემთხვევაში დაახლოებით 19 ლარია, ხოლო ტაბლეტების — 23 ლარი. რა თქმა უნდა, მათზე ვრცელდება ფასდაკლებებიც.

8 აგვ 2025