ყველაფერი ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატ დოქსიციკლინის შესახებ
30 ივნ 2025

დოქსიციკლინი ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც მრავალი ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ გამოიყენება. დოქსიციკლინი პოლონური და რუმინული წარმოების კაფსულების სახითაა ხელმისაწვდომი. მისი აქტიური კომპონენტი დოქსიციკლინის ჰიკლატია, ხოლო დამხმარე ნივთიერებებში შედის: ალგინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სიმინდის სახამებელი და ლაქტოზა. კაფსულებში დოქსიციკლინი 100 მგ. დოზითაა. ის მიკროორგანიზმების ცილების სინთეზს თრგუნავს, რითაც მათ გამრავლებას ეწინააღმდეგება და ეფექტიანია როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ.
დოქსიციკლინის (100 მგ.) ფასი 5 ლარამდეა, თუმცა მისი ღირებულება ცვალებადია. სხვადასხვა პერიოდში პრეპარატი ჩვეულებრივზე ბიუჯეტურია, როცა დოქსიციკლინის ფასი აქციების ფარგლებში იკლებს.
დოქსიციკლინი სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის დროს ინიშნება. ის შედეგიანია არა მხოლოდ ზედა, არამედ ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებისას. მათ შორის: ტონზილიტის, ფარინგიტის, სინუსიტის, ბრონქიტისა და პნევმონიის დროს, რომლებიც ისეთი პათოგენებითაა გამოწვეული, როგორიცაა Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae და Streptococcus pneumoniae. პრეპარატი ასევე გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის სისტემის დაავადებების სამკურნალოდ — შუა ყურის ოტიტისა და ქრონიკული კონიუნქტივიტისას, რომელიც Chlamydia trachomatis-თანაა ასოცირებული.
დოქსიციკლინი ინიშნება საშარდე სისტემის ინფექციების შემთხვევაშიც, როგორიცაა ცისტიტი, პიელონეფრიტი და ურეთრიტი (განსაკუთრებით, თუ ამის გამომწვევი Chlamydia trachomatis ან Ureaplasma urealyticum-ია). იგი ფართოდ გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის: გონორეის, სიფილისის, რბილი შანკრისა და საზარდულის გრანულემის დროს.
გარდა ამისა, დოქსიციკლინი აკნეს ან აბსცესების მსგავსი პრობლემების შემთხვევაშიც ეფექტიანია, ანუ კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისას კარგ შედეგს იძლევა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციებისას პრეპარატი ე.წ. მოგზაურთა დიარეის, ქოლერისა და შიგელოზის დროს გამოიყენება. დოქსიციკლინი ინიშნება მალარიის პროფილაქტიკისთვის, პსიტტაკოზის, ტულარემიის, ბრუცელოზისა და ჭირის მკურნალობისას.

დოქსიციკლინის კაფსულების მიღება გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. ის მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. უმჯობესია, პრეპარატი მჯდომარემ ან მდგომარემ მიიღოთ, დაძინებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე. ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ყელის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. არ არის რეკომენდებული კაფსულის მიღების შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა.
თუ პაციენტს კუჭ-ნაწლავის მხრივ მუდმივი გაღიზიანება აწუხებს, შესაძლოა, დოქსიციკლინი ჭამის დროს დაენიშნოს. ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის გვერდითი რეაქციების რისკს ამცირებს, ხოლო პრეპარატის შეწოვაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. გამოტოვებული დოზის შემთხვევაში მისი მიღება რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე. თუ შემდეგ დოზამდე ცოტა დროა დარჩენილი, ჩვეულებრივი რეჟიმი უნდა დაიცვათ, ორმაგი დოზის გარეშე.
დოზირების რეჟიმი პაციენტის სხეულის მასასა და დაავადების სიმძიმეზეა მორგებული. მოზრდილებისთვისა (70 კგ-მდე) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დღეში 200 მგ. ინიშნება — შეიძლება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერ 100 მგ-100 მგ. მძიმე შემთხვევებში მთელი მკურნალობის განმავლობაში 200 მგ. დღიური დოზა რჩება. აკნეს სამკურნალოდ (რაც ფართოდ გავრცელებული არაპუროლენტული კანის ინფექციაა), დოქსიციკლინი გრძელვადიანი ანტიბიოტიკოთერაპიის ნაწილია და მკურნალობა დერმატოლოგის ზედამხედველობით მიმდინარეობს.
გონორეის მკურნალობისას, მწვავე გაურთულებელი ურეთრიტის შემთხვევაში, დოქსიციკლინი 500 მგ-იანი კურსის სახით ინიშნება: პირველად 300 მგ. მიიღება, შემდეგ კი 100-100 მგ. 6 საათიანი ინტერვალით. ეს სისხლში საჭირო კონცენტრაციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, სიფილისი) მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 7-14 დღეა, დოზები კი დღეში ორჯერ ნაწილდება.
მალარიის პროფილაქტიკისთვის დოზა დღეში 100 მგ-ია. მისი მიღება ენდემურ რაიონში გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე და იწყება და გრძელდება როგორც იქ ყოფნისას, ასევე მის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში. A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით ინფიცირებისას პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღისა.
ჭარბი დოზის სიმპტომებია: ცხელება, სახის გაწითლება, თავბრუსხვევა, ზოგჯერ — კოლაფსი. ამ ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა. ექიმთან დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია.
დოქსიციკლინმა, როგორც ყველა პრეპარატმა, შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს სხვადასხვა სისტემური ან ლოკალური გვერდითი ეფექტები. სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ შეიძლება აღინიშნოს ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება, პორფირია ან ეოზინოფილიის შემთხვევები. ნერვული სისტემის მხრივ ზოგიერთ პაციენტს უვითარდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ქალაშიდა წნევის მომატება, განსაკუთრებით ბავშვებში. შესაძლოა ყურებში ხმაური, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ — გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და საყლაპავის გაღიზიანება.
იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, სისხლძარღვოვანი შეშუპება ან კანზე გამონაყარი და ქავილი. კანის მხრივ სერიოზულ გართულებებს შეიძლება მიეკუთვნოს ფოტოსენსიტივობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ეპიდერმისის ნეკროზი. აგრეთვე, პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა კანდიდოზური ინფექციებისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების რისკს ზრდის.
დოქსიციკლინის ხანგრძლივი მიღება, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ფერის ცვლილებას იწვევდეს, რაც ფუნქციურ დარღვევებთან არ ასოცირდება. ჩონჩხ-კუნთოვან სისტემაში ზოგჯერ აღინიშნება სახსრების ან კუნთების ტკივილი, ასევე ბავშვებში კბილების ემალის შეფერვა ან განვითარების შეფერხება. ღვიძლის მხრივ იშვიათად ვლინდება ტრანსამინაზების მომატება, ჰეპატიტი, სიყვითლე ან პანკრეატიტი.
დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებზე ან რომელიმე კომპონენტზე. ასევე, ის არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ადამიანებმა, ორსულებმა (განსაკუთრებით მეორე ნახევარში) და 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

დოქსიციკლინის ერთდროული გამოყენება ანტაციდებთან, რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და თუთიის შემცველ პრეპარატებთან ან რძის პროდუქტებთან რეკომენდებული არაა. ამან შეიძლება პრეპარატის შეწოვა შეამციროს, ამიტომ, მსგავსი ნივთიერებები მინიმუმ ორი საათის შემდეგ უნდა მიიღოთ. ანესთეზიის დროს მეტოქსიფლურანის გამოყენება დოქსიციკლინთან ერთად თირკმლის ტოქსიკურობის რისკს ზრდის, შესაბამისად ამ კომბინაციას უნდა ერიდოთ.
დოქსიციკლინს შეუძლია ზოგიერთი პრეპარატის ეფექტი გააძლიეროს, მათ შორის კუმარინის ჯგუფის ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებისა და ციკლოსპორინის. ამ პრეპარატებთან კომბინაციისას, შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის შეცვლა და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. ასევე, დოქსიციკლინი პენიცილინების ეფექტს აქვეითებს და ჰორმონალური კონტრაცეპტივების საიმედოობაზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ამ პერიოდში დამატებითი არაჰორმონალური მეთოდების გამოყენებაა რეკომენდებული.
აღსანიშნავია, რომ ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, დიფენილჰიდანტოინი და ალკოჰოლი ზოგჯერ ორგანიზმიდან დოქსიციკლინის გამოყოფას აჩქარებს და მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას ასუსტებს. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო იყოს დოზის გადახედვა. თეოფილინთან ერთად მიღებისას კი კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი ჩნდება, ამიტომ ამ პრეპარატებს შორის მიღების დროის მაქსიმალურად გაზრდაა საჭირო.
საყურადღებოა, რომ დოქსიციკლინმა შეიძლება გავლენა იქონიოს შარდის ლაბორატორიულ ანალიზებზე, კერძოდ — კატექოლამინების განსაზღვრის სიზუსტეზე, რაც ექიმისთვის სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია.
დოქსიციკლინის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ანტიბიოტიკების ან სხვა ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ჰქონდათ. ასეთმა პირებმა აუცილებლად უნდა აცნობონ ექიმს პრეპარატის მიღებამდე. დოქსიციკლინის გამოყენებამ კბილების განვითარების პერიოდში (ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრი, ჩვილობისა და ადრეული ბავშვობის ასაკი), შესაძლოა, მათი მუდმივი შეფერვა და მინანქრის დაზიანება განაპირობოს.
ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებს, მათ შორის დოქსიციკლინს, მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოწვევა ახასიათებს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია, პაციენტმა თავი აარიდოს მზის ხანგრძლივ ზემოქმედებასა და უი-გამოსხივებას (მაგალითად, სოლარიუმში ყოფნა). ფოტოდერმატოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა კანის სიწითლე, შეშუპება ან ბუშტუკები, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
როგორც ანტიბიოტიკებს სჩვევია, დოქსიციკლინმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმების ზრდა. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით კანდიდოზური ინფექციების სიმპტომებისას (აუტანელი ქავილი, ლორწოვანი გარსის ანთება) ექიმს უნდა მიმართოთ. ასევე არსებობს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების რისკი, რომელიც ნაწლავური ფლორის დარღვევის ფონზე ვითარდება და დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. თვითმკურნალობა (განსაკუთრებით შემკვრელი მოქმედების პრეპარატებით) კატეგორიულად დაუშვებელია.
დოქსიციკლინით მკურნალობისას საჭიროა ყურადღება მიექცეს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებს, უფრო კი იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ ამ ორგანოების დაავადებები ან იღებენ ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს. ექიმმა შეიძლება ინდივიდუალურად განსაზღვროს დოზა და რეგულარული მონიტორინგი დანიშნოს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა, როგორც წესი, საჭირო არ არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი იღებს.
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის დროებითი გაუარესება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მანქანის ან ტექნიკურად რთული მექანიზმების მართვაზე. პრეპარატში ლაქტოზა გვხვდება, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა აწუხებთ
დოქსიციკლინის მალამო (ამ სახელით) ხელმისაწვდომი არაა. ამის მიუხედავად, კაფსულების გარდა მისი სხვა ფორმებიც იწარმოება, მაგალითად, დოქსიციკლინი დენკი (დოქსი-დენკი) ანუ დოქსიციკლინი ტაბლეტის სახით. გარდა ამისა, დოქსიციკლინი ძაღლებში და კატებშიც გამოიყენება, თუმცა ეს საინიექციო ხსნარია.
მაშასადამე, ზემოხსენებული პრეპარატი ეფექტიანია როგორც ადამიანებში, ისე შინაურ ცხოველებში (მხოლოდ ვეტერინარის დანიშნულებით).
30 ივნ 2025